პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდება 5 პირს წარუდგინა. ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
გამოძიების ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და „ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“.
უწყება ამბობს, რომ ამ მიზნით ისინი დაუკავშირდნენ მათ მეგობარსა და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს და გაანდვეს „მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება“.
გამოძიების ვერსიის მიხედვით, ამ მიზნით მათ შეარჩიეს გელა უძილაური:
„ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ. ჯ.-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ. უ.-სთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა“.
პროკურატურა აცხადებს, რომ ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ბრალდებულ გელა უძილაურს სისტემატურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე გიორგი ჯოხაძემ და კაჭკაჭიშვილმა ს.წ.-სგან „მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19“ მოდელის პისტოლეტი გ.ჯ.-მ გ.უ.-ს გადასცა“.
გამოძიება ამბობს, რომ ამ წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო ,,თბილისი თაუერის“ შენობასთან, სასტუმროში მივიდნენ ძმები მიქაძეებიც:
„გ. ჯ.-მ და გ. უ.-მ განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გ. უ.-ს მიაწოდა დ. და გ. მ.-ებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გ. ჯ.-მ გ. უ.-ს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით“.
ჯანგველაძე საქართველოში 16 თებერვალს ჩამოვიდა, ის სასტუმრო „ამბასადროში“ დაბინავდა, ხოლო გელა უძილაურმა დაიწყო მისი თვალთვალი, ინფორმაციის მოძიება. ამ ინფორმაციას ის გიორგი ჯოხაძეს და ძმებ მიქაძეებს აწვდიდა. გამოძიების მიხედვით, მარტში მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით უძილაურის მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, „შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით“.
რაც შეეხება მკვლელობის დღეს, პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯანგველაძე საქართველოში 14 მარტს გამოემგზავრა, ეს ინფორმაცია კი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა უძილაურს მიაწოდეს.
გამოძიება ამბობს, რომ უძილაური ვაზისუბნიდან ტაქსით წამოვიდა, დაახლოებით 20:40 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას.
„ეს უკანასკნელი მის მეგობართან კ.ძ.-სთან ერთად დაახლოებით 22:35 საათზე მივიდა მისი მეგობრის პანაშვიდზე, საიდანაც დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გ. უ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, გ.უ.-მ ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო“, – აცხადებს პროკურატურა.
უწყება ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ გელა უძილაური წავიდა ქარელის მიმართულებით, მოიშორა იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჯოხაძესთან.
ამავე ვერსიის მიხედვით, უძილაური თბილისში დაბრუნდა 15 მარტს, მივიდა „თბილისი თაუერსში“ და სურდა ჯოხაძის ნახვა, „თუმცა იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმრო თბილისის თაუერის ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გ.ჯ.-ს ტელეფონზე და სოციალურ ქსელ ,,whatsapp“ -ზე დაკავშირება“. უწყება ამბობს, რომ ჯოხაძის ნახვის მიზნით ის 16 და 17 მარტს მივიდა გ.ჯ.-ს ნათესავის – მამუკა ბაღდავაძის სამსახურში, თუმცა ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. გელა უძილაური 17 მარტს ბაღდავაძის სამსახურთან ახლოს, მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პროკურატურამ:
- ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით“, – აცხადებს პროკურატურა.