აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროკურატურა ხომერიკს აფეთქების მომზადებას ედავებოდა (სსკ-ის 18-229 მუხლი), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხომერიკი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ნივთები/ნივთიერებები მას არ ეკუთვნოდა.
„ჩემთვის დიდი პატივია“, – თქვა დავით ხომერიკმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
იქამდე კი ხომერიკმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:
„პირველ რიგში, თედოს [აბრამოვი] ამბავი ძალიან გაგვიხარდა ყველას, ვულოცავ მას თავისუფლებას, ალბათ ის ახლა ყველაზე თავისუფალი ადამიანია ჩვენს შორის. ეს თედოს ნაჩუქარი სამაჯურია სხვათა შორის, თავისუფლების ნიშნად.
სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ყველანი, სადაც სიმართლე კვლავ დასჯადია, ხოლო სამართალი კიდევ უფრო რთული და ძნელად საპოვნელი. ჩვენ დიდი ხანია, რაც ამ ბრძოლაში ერთად ვართ, ჩვენი საერთო სატკივრისა და ღირებულებების გამო, რომლებიც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ვიცხოვროთ ისეთ სამართლიან, მშვიდობიან და თავისუფალ ქვეყანაში, რომელსაც ქართველი ხალხი უკვე დიდი ხანია იმსახურებს. ერთადერთი გზა კი ამ ყველაფრის მისაღწევად ეს იმ მავთულხლართიანი და ეკლიანი გზის გავლაა, რომელსაც სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულამდე მივყავართ და დიახ, ეს ზუსტად ის მიზეზებია, რის გამოც ახლა ჩვენ ციხეში ვსხედვართ და ვერ გაგვიგია, რატომ უნდა ისჯებოდნენ ადამიანები იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ხმა ამოიღეს და პროტესტი გამოხატეს ძალადობისა და უსამართლობის მიმართ.
მე ბავშვობიდან ქრისტიანულ ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ სიყვარულით, სიკეთითა და რწმენით მეცხოვრა და მე დღემდე არ გადამიხვევია ამ მცნებებისთვის. ამაში უკეთ გასარკვევად კი მუსიკა და მისი სიყვარული დამეხმარა. სწორედ მუსიკა და ხელოვნება აღმოჩნდა ის მთავარი რამ, რითაც შემეძლო ამ უსამართლო სამყაროს მიმართ ჩემი ტკივილი და პროტესტი გამომეხატა და მე ახლაც მჯერა, რომ მუსიკა მშვიდობის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია.
წარმოიდგინეთ, ადამიანები როგორ ცხოვრობენ სიმშვიდესა და ჰარმონიაში და მიხვდებით, როგორი წარმომიდგენია მე ეს სამყარო. შეიძლება ახლა ვინმეს გაეღიმოს და ამის გამო მეოცნებედ ჩამთვალოს, მაგრამ ეს ალბათ ყველასთვის საუკეთესო ოცნებაა და არა ისეთი, როგორ ძალადობრივ ოცნებასაც ვხედავთ დღეს. რაც შეეხება ჩემს პროტესტს, ამას ყოველთვის მშვიდობიანად გამოვხატავდი, ისე როგორც შემეძლო. ყველაზე ხშირად კი ამას ჩემი მუსიკითა და სიმღერით გადმოვცემდი, რადგან ასე სახალხოდ სიტყვით გამოსვლები არასდროს მყვარებია. თუმცა ხანდახან არის მომენტები, როცა სიჩუმე დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება თითოეული ჩვენგანი დააზიანოს.
ყველაფერი კი 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამეს დაიწყო, როცა ხალხი რუსი ოკუპანტი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა ჩვენი ქვეყანა. მიმდინარე აქციების დროს მთავრობამ და მისმა ძალოვანმა სტრუქტურებმა საკუთარ მოქალაქეებს 26 მაისი გაუცოცხლეს და აქციაზე შეკრებილ ხალხს სასტიკად და ძალადობრივად გაუსწორდნენ. ამ ჯალათური დარბევების დროს დაზიანდნენ აქციაზე მყოფი ჩემი მეგობრებიც, რომლებსაც სახის არეში ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდათ, რამაც სამუდამო კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, სწორედ აქ იკვეთება კვლავ რუსეთის გავლენები ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც დღემდე ჰიბრიდულად ებრძვის ჩვენს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
ამაზე ახლა მეტს აღარ ვისაუბრებ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სისხლიანმა დღეებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი ქვეყნის გაძლიერების… ძალადობის მიმართ, რომელსაც ყოველთვის მკაცრად ვემიჯნებოდი, ეს ყველაფერი ჩემში არ არის, მაგრამ არც ის არის, რომ ამ ყველაფერზე ავდგე და ასე უბრალოდ თვალი დავხუჭო. […]
იქ [რუსთაველზე] ყოფნისას ყოველთვის იმის განცდა მრჩებოდა, რომ საიდანღაც ისევ რეზინის ტყვიებს გაისროდნენ, თუმცა მათ გარეშეც არაერთხელ ჩავხედე რეჟიმის სისასტიკეს თვალებში და არაერთი ძალადობრივი დარბევის მომსწრეც გავხდი და სამწუხაროდ, ამ უბედურების მთავარი გამომწვევი პროვოკატორები ჩვენივე ქვეყნის მმართველი ხელისუფლებაა… მათ ეშინიათ ჩვენი ერთიანობის, რადგან იციან, რომ სიმართლე ხალხის მხარესაა. ისინი არათუ სიკეთესა და მშვიდობას თესავენ ქვეყანაში, არამედ პირიქით, წამლავენ და ბოროტებას წინ მიუძღვიან.
რაც შეეხება ჩემს ამ თითქმის უკვე ცხრათვიან გაურკვევლობას და პროკურატურის მიერ ამ შეკერილ, გამოგონილ ბრალდებას – კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ ეს არის სრული აბსურდი და აბსოლუტური სიცრუე. რა თქმა უნდა, მე არ ვაღიარებ ბრალს, რომელიც არ მეკუთვნის და არ ჩამიდენია. პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს ჩემთვის ბრალის დასამტკიცებლად, საქმეში არც ვიდეო მასალა, არც მომჩივანი, არც დაზარალებული არც რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ იკვეთება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პროკურორი ბრალის წარდგენის ყოველ მეორე წინადადებაში ერთსა და იმავე რაღაც მის მიერ გამოგონილ მოლოტოვის კოქტეილებს იმეორებს, რაზეც მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და ინფორმაციას არ ვფლობ.
ბრალდების მხარეს ასევე მოჰყავს ცრუ მოწმეები ერთი და იმავე დაზეპირებული ფრაზებით… მათ უმეტესობამ ვერც მიცნო… პირდაპირ დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩემ მიმართ, როგორც ფიზიკური ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
პატივცემულო მოსამართლე და თქვენო ღირსებავ, ყველაფრის მიუხედავად, მე მაინც მრჩება იმედი, რომ ამ ყველაფერს სასამართლო გაითვალისწინებს და ობიექტურ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. მესმის, რომ თქვენც შეიძლება იძულებულს გხდიდნენ, რომ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგატანინონ, მაგრამ ეს ხომ თქვენი ბრძოლაცაა სასამართლოს სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის.
ჩემი თხოვნა იქნება, იყავით ბოლომდე დამოუკიდებელი, რომ ხალხს დაუბრუნდეს სასამართლოს ნდობა და სჯეროდეს მისი სამართლიანობის. ხალხი იმსახურებს ამას, ხალხი იმსახურებს სამართალს, ხალხთან ერთად კი ქვეყანა – მშვიდობასა და თავისუფლებას!
ბოლოს მინდა ჩემს ოჯახს, მეგობრებს, უცნობებსაც და ნაცნობებსაც ყველას ერთად მოგმართოთ, რომ თქვენ ჩემი იმედის ვარსკვლავები და სხივები ხართ. იმ იმედის, რომელიც ყოველდღიურად რწმენითა და მოტივაციით მავსებს და თქვენგან წამოსული სიყვარული ჩემთვის უძვირფასესია. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს, მეც ძალიან მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ ნებდებიან მხოლოდ ისინი, ვისთვისაც თავისუფლება აღარაფერს ნიშნავს“.
ბრალდების მხარე ამბობდა, რომ დაკავების დროს ხომერიკს ჩანთაში ჰქონდა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შემადგენელი ნივთები, რომელზეც ავითარებს ამგვარ ვერსიას:
„მინის ბოთლები მათში მოთავსებული სითხით და ქსოვილის ნაჭრებით, ერთობლიობაში არ წარმოადგენენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ქსოვილის ნაჭრების მინის ბოთლზე დამონტაჟებით მივიღებთ კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლგამჩენ მოწყობილობას, სადაც ქსოვილის ნაჭერი იქნება ფითილი და ბოთლში მოთავსებული სითხე სწრაფად აალებადი საშუალება ცეცხლის გაჩენისათვის…
აღნიშნული მოწყობილობები 2 დეკემბერს აღმოჩენილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღკვეთილ იქნა მძიმე დანაშაული”, – გაანცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
დაკავების დროს ხომერიკი მის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე და ჩვენების მიცემის იძულებაზე საუბრობდა.
ნახეთ მასალები „პუბლიკის“ არქივიდან:
- ხომერიკი ამბობს, რომ დაკავების დროს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს | ვიდეო;
- რა ვითარებაში დააკავეს დავით ხომერიკი | ვიდეო;
- პოლიციელ ნიკა კიზირიას დაკითხვა | ბმული;
- პოლიციელ გიორგი ჯიქიას დაიკითხა | ბმული 1; ბმული 2;
- პოლიციელ გიორგი მხეიძის დაკითხვა | ბმული;
- ხომერიკი პროცესზე: კითხვა მიჩნდება, თუ ღმერთი ჩვენს მხარეს არის, მაშინ ვინ გამოდის ჩვენს წინააღმდეგ? | ვიდეო;
- ხომერიკი პროცესზე: „ჩემი იმედის ვარსკვლავები ხართ!“, | ბმული;
- ხომერიკი პროცესზე: „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის სიკეთის, სიმართლის და თავისუფლების მხარეს ვიყავი” | ვიდეო;
- პროკურორის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა | ბმული; ვიდეო;