აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ თეთრი სახლი დატოვა და ალასკისკენ გაემგზავრა – ის იქ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების სამიტს გამართავს.
კრემლში აცხადებენ, რომ ტრამპი და პუტინი სამიტს პირისპირი შეხვედრით დაიწყებენ, სადაც წარმოდგენილი იქნებიან თარჯიმნები, რის შემდეგაც საუბარი საქმიანი სადილის დროს გაგრძელდება.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეყოლება 16-კაციანი დელეგაცია, მათ შორის კი იქნებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, თუმცა არ არის დაზუსტებული რამდენი მათგანი იქნება მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში.
რაც შეეხება რუსეთს, მის დელეგაციაში იქნებიან პუტინის მრჩეველი, იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები – საერთაშორისო მედიები წერენ, რომ შეხვედრაში ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე პირების ჩართვა მიუთითებს, რომ განხილვის საკითხები, შესაძლოა, ომს სცდებოდეს.
სამიტზე წარმოდგენილი არ იქნებიან უკრაინის ოფიციალური პირები – ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. დონალდ ტრამპი მიუთითებს, რომ მისი მიზანი საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი შეხვედრისკენ წინსვლა იქნება.