აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ალასკაში იმყოფებიან – დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ დაიწყება.
თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მათ შორის მოლაპარაკებების დაიწყებოდა პირისპირ შეხვედრით, თუმცა მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ამ შეხვედრას ორივე მხრიდან დელეგაციის სხვა წევრებიც დაესწრებიან.
ტრამპს შეხვედრაზე, სავარაუდოდ, შეუერთდებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაზე, სავარაუდოდ, იქნებიან იური უშაკოვი და სერგეი ლავროვი. სამიტში აშშ-ის მხრიდან 16-კაციანი დელეგაცია მონაწილეობას, ხოლო რუსეთის მხრიდან – 5-კაციანი. შეხვედრის შემდეგ საუბარი საქმიანი სადილის დროს გაგრძელდება, სადაც დელეგაციის წევრები სრული შემადგენლობით იქნებიან.
აშშ-ის დელეგაციაში შედიან: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
რაც შეეხება რუსეთს, მის დელეგაციაში იქნებიან პუტინის მრჩეველი, იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები – საერთაშორისო მედიები წერენ, რომ შეხვედრაში ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე პირების ჩართვა მიუთითებს, რომ განხილვის საკითხები, შესაძლოა, ომს სცდებოდეს.
სამიტზე წარმოდგენილი არ იქნებიან უკრაინის ოფიციალური პირები – ეს შეხვედრა იქნება მხოლოდ აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის. დონალდ ტრამპი მიუთითებს, რომ მისი მიზანი საბოლოოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი შეხვედრისკენ წინსვლა იქნება.