Reuters წყაროებზე დაყრდნობით ალასკის სამიტზე რუსეთს პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს.
გამოცემის ორმა თანამოსაუბრემ, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, განაცხადა, რომ მათი ინფორმაცია ძირითადად ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს შორის გამართულ დისკუსიებს ეფუძნებოდა და აღნიშენს, რომ ის სრული არ იყო.
Reuters წერს, რომ დაუყოვნებლივ არ იყო ნათელი, პუტინის წინადადებები მოლაპარაკებების საწყისი წერტილის სახით იყო წარმოდგენილი თუ უფრო საბოლოო შეთავაზებას ჰგავდა, რომელიც განხილვას არ ექვემდებარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პუტინის შეთავაზება გამორიცხავდა ცეცხლის შეწყვეტას ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევამდე.
წყაროების ცნობით:
- რუსეთის წინადადების თანახმად უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს, რუსეთი სანაცვლოდ იღებს ვალდებულებას გაყინოს ფრონტის ხაზები ხერსონსა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
- რუსეთი მზად იქნება დააბრუნოს უკრაინის მიწის შედარებით მცირე ნაწილი, რომელიც მას ოკუპირებული აქვს ჩრდილოეთ სუმის და ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონებში.
- წყაროების თქმით, პუტინი ასევე ცდილობს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიად იყოს აღიარებული. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, ნიშნავდა ეს აშშ-ის მთავრობის მიერ აღიარებას თუ, მაგალითად, ყველა დასავლური ძალისა და უკრაინის.
- პუტინი ასევე მოელის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოხსნას. თუმცა, წყაროებმა ვერ დააკონკრეტეს, ეხება თუ არა ეს აშშ-ის სანქციებს, ასევე ევროპის სანქციებს.
- უკრაინა ვერ შეძლებს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა პუტინი, წყაროების ცნობით, ღიაა მიიღოს უკრაინამ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები.
- რუსეთი ასევე მოითხოვს რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს უკრაინის ნაწილებში ან მის მთელ ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თავისუფლად მოქმედების უფლებას.