მარნეულში ქალმა კაცი დაჭრა - დაკავებულია სამი ადამიანი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 3 ადამიანი: 2000 წელს დაბადებული ნ.ა., 1994 წელს დაბადებული ა.ა. და 1982 წელს დაბადებული შ.ქ. დააკავეს. სამივე დაკავებული ქალია.

მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულში ქალმა დაჭრა კაცი, რომელიც მისი საქმრო იყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ქვემო ქართლის რეგიონში, ჯგუფურად იძალადეს ზ.ჯ.-ზე. ასევე, ნ. ა.-მ ცივი იარაღის გამოყენებით ზ.ჯ.-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგზარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ნ.ა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო ა.ა. და შ.ქ. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს“, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.