ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრა გაიმართა

პუბლიკა

უკრაინის ევროპელი მოკავშირეების „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალური შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ბრიუსელიდან შეუერთდა უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ხვალ ევროპელ ლიდერებთან ერთად აშშ-ში გაემგზავრება პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ თქვა, რომ შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მისაღწევად ზეწოლა აგრესორზე უნდა განხორციელდეს და არა მსხვერპლზე.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს აშშ-ს, უკრაინას და ევროკავშირს“ – ეს მათი საერთო სურვილია მშვიდობისა და რუსეთის მხრიდან „საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის“ პატივისცემის მიმართ.

მისი თქმით, „მსურველთა კოალიციამ“ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიული დისკუსიების ჩატარება უკრაინის არჩეული წარმომადგენლების გარეშე“.

„ჩვენი გეგმაა წარმოვადგინოთ ერთიანი ფრონტი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროპის უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია მიმდინარე კონფლიქტთან და მისი ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, რათა საუკეთესოდ წარმოადგინონ თავიანთი მოქალაქეები.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს უკრაინაში ომის დასრულება, მაკრონმა უპასუხა: „არა“.

„ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. ეს ნიშნავს, რომ ძირითადი პარამეტრები მაქსიმალურად ახლოს იყოს მე-5 მუხლთან“, – დაწერა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ X-ზე.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა X-ზე დაწერა, რომ „კოალიციის ქვეყნებს შორის არსებობს ძლიერი კონსენსუსი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობასთან დაკავშირებით“.