„პუბლიკის“ ინფორმაციით, პოლიციელი ირაკლი მუხადგვერდელი, რომელიც აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, სისხლის სამართლის წესით მაისში დააკავეს და მას დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვს. მან იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
„პუბლიკას“ ამ ინფორმაციას გენერალურ პროკურატურაშიც უდასტურებენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 24 მაისს, თბილისში, ბრალდებული გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გზის საპირისპირო სამოძრაო ზოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა”, – გვითხრეს პროკურატურაში.
მუხადგვერდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ითვალისწინებს ხულიგნობას – ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
უწყებაში გვითხრეს ისიც, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, თუმცა წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რაც სასამართლომ გაიზიარა.
„წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
დღეის მდგომარეობით საქმე განიხილება არსებითად“, – გვეუბნებიან პროკურატურაში.
პროკურატურის ინფორმაციით:
– 25 მაისს მუხადგვერდელი დააკავეს;
– 27 მაისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა;
– 30 ივნისს გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
შესწორება: თავდაპირველად „პუბლიკას” საერთო სასამართლოების ცხელ ხაზზე 1545 განუცხადეს, რომ:
– 26 მაისს მუხადგვერდელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. (მოსამართლე ეკა ბარბაქაძე).
– 29 მაისს გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც, პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა (მოსამართლე ნატო ხუჯაძე).
პროკურატურის მტკიცებით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 ივნისს გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” ეუბნებიან, რომ მუხათგვერდელი აღნიშნული ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის და რომ ის შსს-ში აღარ მუშაობს.
„მემუქრებოდა გაუპატიურებით, ხელს იკიდებდა შარვლის ელვა შესაკრავზე” – 14 აგვისტოს პროცესზე ანასტასია ზინოვკინა მოწმის სახით დაიკითხა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა დაკავების გარემოებებზე, ასევე მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროვებაზე.
მან დაასახელა კონკრეტული პოლიციელი – ირაკლი მუხადგვერდელი და აღნიშნა, რომ ის „გაუპატიურებით ემუქრებოდა”.
ნახეთ ვრცლად: