კალაძე: თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება, რომელიც დიდ დიღომს დიდუბის მეტროსთან დააკავშირებს

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. 

მისი თქმით, გამოცხადდა შესაბამისი ტენდერი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, პირველად განხორციელდება ტრამვაის პროექტი. დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს ტრამვაის ხაზის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე. მანამდე გამოცხადებული გვქონდა ბაზრის კვლევაზე ტენდერი. გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომელ მონაკვეთზე უნდა განხორციელდეს პროექტი.

დიდი დიღმის მზარდი მოსახლეობის გათვალისწინებით, საჭიროა გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შექმნა. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური არის ტრამვაი. იგი, მისი გაბარიტებიდან გამომდინარე, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებს შორის ყველაზე მეტად გამტარუნარიანია. იგი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და გრძელვადიან პერიოდში სხვა მიწისზედა საზოგადოებრივ ტრანსპორტის სახეობებს შორის გაცილებით ხარჯთეფექტურია“, – თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, პროექტის მიზანია, ტრამვაის ახალი ხაზის საშუალებით დიდი დიღმის დასახლება თბილისის სხვადასხვა უბანთან უმოკლეს დროში დააკავშიროს.

როგორც კალაძემ განაცხადა, ტრამვაის ხაზი 7.5-კილომეტრიანი იქნება და 11 გაჩერებას მოიცავს.

„შედეგად, ტრამვაი დიღმის დასახლებაში გაზრდილი მგზავრთნაკადის უსაფრთხო, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს, შეამსუბუქებს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე დატვირთვას, განტვირთავს საცობებს, გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ტრამვაი ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებულ ქსელში. შეიქმნება ერთიანი, მოქნილი, კომფორტული და მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც თითოეული მოქალაქის საჭიროებებს მოერგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.