„გთხოვთ, დამნაშავედ ცნოთ წარდგენილ ბრალდებაში“ | 11 პირის საქმეზე პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმეზე ბრალდების მხარემ 20 აგვისტოს დასკვნითი სიტყვა თქვა.

საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

პროკურორ ვაჟა თოდუას დასკვნითი სიტყვის შესავალი 8 პირის საქმეზე წარმოთქმული სიტყვის თითქმის იდენტური იყო – მან მიმოიხილა 28 ნოემბრიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებები“ და დამდგარი ზიანი; ამ მოქმედებების ორგანიზატორებად და ხელმძღვანელებად, სხვა ადამიანებთან ერთად, დაასახელა ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი, შემდეგ კი დაიწყო საქმეზე ბრალდებული 11 პირის მოქმედებების აღწერა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეები“ პოლიციელების მიმართ უწყვეტად გამოხატავდნენ აგრესიას, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას; ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგანს, პიროტექნიკას, ადვილად აალებად მოწყობილობებს და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.

„წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლითაც დადასტურებულია შემდეგი – საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბერიდან მიმდინარე აქციების დროს,  მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ძალადობაში მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განლაგებულ სამართალდამცავების მიმართ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწყვეტად გამოხატავდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ აგრესიას, ფიზიკურ და მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.

აგრეთვე იარაღად იყენებდნენ სხვადასხვა საგნებს, კერძოდ ქვების, რკინის ნაჭრების, სხვა მძიმე საგნების, აგრეთვე პიროტექნიკური ნაკეთობების, ადვილაალებადი ნივთიერებებისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებით აზიანებდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე ქონებას, რომელთა ნაწილს იყენებდნენ გზის სავალ ნაწილზე ბარიკადების მოსაწყობად, რათა გაემყარებინათ წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისთვის და ხელი შეეშალათ მათთვის წესრიგის აღდგენის დროს.

მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საქართველოს პარლამენტის შენობა, რომლის მიმართულებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად ისროდნენ ქვებს, სხვა მძიმე საგნებს, საღებავებს, ადვილაალებად ნივთიერებებსა და ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს, აგრეთვე პიროტექნიკურ ნაკეთობებს და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებს, რომელიც შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად.

ასევე დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული  ქონება“, – თქვა პროკურორმა.

პროკურატურამ ბრალდებულებზე შემდეგი რამ თქვა:

რუსლან სივაკოვი | 29 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე, იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მძიმე საგანს ისროდა პოლიციელების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელების და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სერგეი კუხარჩუკი | 28 და 29 ნოემბერს აქციაზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სერგეი კუხარჩუკი აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში და ქვებს ისროდა პოლიციელების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელებისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ვალერი თეთრაშვილი | 1 და 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე ვალერი თეთრაშვილი ისროდა შუშის ბოთლს და მოგრძო ნივთებს პოლიციელების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელებისა და ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

რევაზ კიკნაძე | 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე იმყოფებოდა რევაზ კიკნაძე, რომელიც ქვებს ისროდა პოლიციელების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ მოქმედებებს.

ირაკლი ქერაშვილი | 1 დეკემბერს ასევე ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკური ნაკეთობიდან ისროდა პოლიციელების მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც საფრთხეს უქმნიდა პოლიციელების და ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობას. 

გიორგი ტერიშვილი | 1 დეკემბერს გიორგი ტერიშვილმა ისროლა მოგრძო, მასიური ნივთი პოლიციელების მიმართულებით, ასევე ახორციელებდა სხვა აქტიურ მოქმედებებს.

ანდრო ჭიჭინაძე | ანდრო ჭიჭინაძე 29 ნოემბერს ისროდა ჯოხს პოლიციელების მიმართულებით და ახორციელებდა სხვა აქტიურ მოქმედებებს. 

გურამ მირცხულავა | 1 დეკემბერს ასევე გურამ მირცხულავა მძიმე საგნებს ისროდა პოლიციელების მიმართულებით და ახორციელებდა სხვა მოქმედებებს. 

ჯანო არჩაია  | 29 ნოემბერს ჯანო არჩაია მძიმე საგნებს ისროდა პოლიციელების მიმართულებით. 

ლუკა ჯაბუა | 29 ნოემბერს ლუკა ჯაბუა მძიმე საგანს ისროლა პოლიციის მიმართულებით. 

ონისე ცხადაძე | 29 ნოემბერს ონისე ცხადაძე ჯოხს, ბოთლს და სხვა მძიმე საგანს ისროდა პოლიციის მიმართულებით. 

პროკურორებმა ასევე ისაუბრეს საქმეში არსებულ ვიდეოებთან დაკავშირებით. მათ აღნიშნეს, რომ ბრალდებული ჩანან კადრებში და რომ ისინი ახორციელებენ ძალადობრივ მოქმედებებს – ისვრიან ქვებს, სხვადასხვა ნივთს, აწყობენ ბარიკადებს და სხვა.

დასვნითი სიტყვის ბოლოს პროკურორმა განაცხადა, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულების ბრალეულობას და მათი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა იშუამდგომლა.

„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ჩანს, რომ მოქალაქეთა ნაწილი ახორციელებს ძალადობრივ მოქმედებებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა საგნის სროლაში, ამ ჯგუფს შორის, არიან წარმოდგენილი ბრალდებულები, რომლებიც თავიანთი აქტიური მოქმედებებით ხელს უწყობდნენ ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განხორციელებას.

თითოეულ შემთხვევაში ჩანს, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ახორციელებს ძალადობრივ მოქმედებებს, რაც გამოიხატება სხვადასხვა საგნის სროლაშიც, ამ პირთა შორის, არიან წარმოდგენილი ბრალდებულებიც, რომლებიც თავიანთი აქტიური ქმედებებით ხელს უწყობენ ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებს.

თითოეული ბრალდებული ძალადობრივი მოქმედების განხორციელების ადგილზე საკუთარი თვალით ხედავს, როგორ ისვრიან ძალადობაში მონაწილეები თავდაცვის რეჟიმში მყოფი პოლიციელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს და ახორციელებენ ჯგუფურ ქმედებას, რომელიც მიმართულია პოლიციის წინააღმდეგ. ისინი ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილზე ახორციელებენ ძალადობრივ ჯგუფურ ქმედებას და მათი მოქმედებები ყველა შემთხვევაში მიმართულია პოლიციის წინააღმდეგ…

დადასტურებულია, რომ ჯგუფური ძალადობის დროს დაზიანდა არაერთი პოლიციელი, ინფრასტრუქტურა, პარლამენტის შენობა…

…ბრალდების მხარის მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდება, რის გამოც ვშუამდგომლობთ სასამართლოს წინაშე, რომ [11 ბრალდებული] ცნოთ დამნაშავედ სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში“, – თქვა პროკურორმა.