უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ პუტინთან მისი პოტენციური შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს. მისივე თქმით, წინააღმდეგი არაა, თუ შეხვედრის ადგილი თურქეთი იქნება.
„შეხვედრის ადგილი. ჩვენ სამართლიანად მიგვაჩნია და ევროპელებმაც ამას გაუსვეს ხაზი, რომ შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა ჩატარდეს. რადგან ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზეა. მე ვთქვი, რომ ჩვენ ვეთანხმებით. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ვეთანხმებით“, – თქვა ზელენსკიმ უკრაინული მედიის ცნობით.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ არის წინააღმდეგი შეხვედრა თურქეთში ჩატარდეს, რადგან ის ნატოს წევრი ქვეყანაა და „ევროპის ნაწილია“. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „შეხვედრა რაიმე განსაკუთრებული პირობების გარეშე ასევე უკრაინული მხარის პროაქტიული ქმედებაა“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვში შეხვედრა ვერ გაიმართება, ბუდაპეშტთან, როგორც შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „დღეს ეს ადვილი არ არის“.
„ეს ადვილი არ არის, რადგან ამ ომის დროს ყველა ევროპულ ქვეყანას შორის ერთიანობაა უკრაინის მხარდაჭერაში. და მოდით, ვიყოთ გულახდილები, ბუდაპეშტმა ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ იყო“, – თქვა ზელენსკიმ.