„ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც“, – თქვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
მისი აზრით, ეკლესიამ და მრევლმა ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა – „დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია, ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. სამედიცინო პერსონალთან“.
„ზოგ-ზოგიერთები ისე ნუ იზამთ, რომ ძალიან გააბრაზოთ მრევლი“, – ამბობს ინაშვილი.
„რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება და მეჩვენება, რომ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე და არ წავალ წირვაზე, მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ წავალთ და ვეზიარებით“, – ამბობს ინაშვილი.
_____________
ჯანდაცვის ექსპერტები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში შეთანხმებულნი არიან, რომ სოციალური დისტანციის დაცვა საუკეთესო გზაა კორონავირუსთან საბრძოლველად. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის ეკლესიებში, შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს.
მრავალი სპეციალისტი ამბობს, რომ თავყრილობები, მით უმეტეს ერთი კოვზიდან ზიარება, გამოიწვვს ეპიდემიის აფეთქებას, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჯერჯერობით, არ სთანხმდება ლიტურგიის მრევლის გარეშე ჩატარებას. ხოლო ხელისუფლება, რამდენიმე განცხადების გარდა, რეალურ წინააღმდეგობას ვერ უწევს მასობრივ კანონდარღვევებს, რასაც ეკლესიის მრევლი ყოველდღიურად მიმართავს.