პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს

პუბლიკა

პროკურატურამ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

უწყება ქალის პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალად წარდგენილი მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაკავებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ ქმარმა დანა თავად დაირტყა, შემდეგ ცოლს დასახმარებლად დაუძახა, მკვლელობაში ბრალდებულმა კი ქმარს სხეულიდან დანა ამოაცალა და დასახმარებლად მხრებზე მოიკიდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული მისი დასწრების გარეშე გამოჰკითხეს და დანაშაულის აღიარება აიძულეს.