„ბრალდება ვერც კი ამბობს, კასრაძის რომელი მოქმედება რომელ შედეგთანაა კავშირში“ | ადვოკატების დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის საქმეზე 25 აგვისტოს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი დაიწყო.

საქმეზე ბრალდებულები არიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ზვიად ცეცხლაძე, რომელთაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან; ასევე – ირაკლი მიმინოშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი – მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

ვეფხია კასრაძის დასკვნითი სიტყვა მისმა ადვოკატმა გიორგი სამუშიამ დაიწყო.

ადვოკატის თქმით, გამორიცხულია ბრალზე საუბარი, თუ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

„ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე არა თუ ვერ ასაბუთებს, არამედ ვერც კი ამბობს, ვეფხია კასრაძის რომელი მოქმედება რომელ დამდგარ შედეგთან არის კავშირში, ურომლისოდაც ის შედეგი იმ დროს და იმ სახით არ დადგებოდა. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არარსებობის გარეშე ბრალდებაზე საუბარიც კი აბსურდულია”, – ამბობს ის.

გავრცელებული ვიდეოკადრები

„ამ კადრებით სახეზე არ გვაქვს არათუ დამთავრებული დანაშაული, არამედ დანაშაულის მომზადებაც კი, ვინაიდან მომზადებისთვის აუცილებელი პირობაა დანაშაულის ჩასადენად პირობის შექმნა, რაც რაიმე მოქმედებით უნდა იყოს გამოხატული”, – ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ცალკე აღსანიშნავია ხსენებული კადრების ავთენტურობა. დაცვის მხარე ამბობს, რომ დაუდგენელია ვიდეოფაილის წარმომავლობა, თუ ვინ შექმნა ის და როდის.

„თუ ბრალდების მხარემ არ იცის კადრების გადამღების ვინაობა, შესაბამისად, ნდობაც ვერ ექნებოდა კადრების შემქმნელის მიმართ და მის ავთენტურობაში დარწმუნებულიც არ უნდა ყოფილიყო.

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რატომ არაფერი იღონა გამოძიებამ კადრების ავთენტურობის დასადგენად, რატომ არ დაუსვა კითხვა მონტაჟთან დაკავშირებით ექსპერტს, როდესაც ექსპერტიზა დანიშნეს. პასუხი ამის შესახებ გამომძიებელმა გასცა, რომ ეგ არ იყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი. როგორ შეიძლება, არ იყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულების ავთენტურობა, როდესაც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, დაუშვებელია მტკიცებულება, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მისი ნიშან-თვისების შეცვლის. ამ შემთხვევაში, როდესაც მისი შექმნის არც დრო ვიცით, არც შემქმნელის ვინაობა, ასეთი ეჭვის უარყოფა წარმოუდგენელია“, – ამბობს კასრაძის დაცვის მხარე.

სამუშიას თქმით, ეს კადრები ავთენტურიც რომ იყოს, არ დგინდება, რომელ აქციაზეა გადაღებული.

„თუ იმას ვერ ვადგენთ, რომელ აქციაზეა გადაღებული კადრები, შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ კონკრეტულ აქციაზე ახდენდა ვეფხია კასრაძე ძალადობის ორგანიზებას აბსურდულია. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მხოლოდ წინა წლის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა”, – ამბობს ის.

„რა შეეძლო გამოძიებას და არ გააკეთა”

ადვოკატ გიორგი სამუშიას თქმით, კადრებში ნათლად ჩანს დაახლოებით ათი ადამიანის სახე. გამოძიებას შეეძლო, მათი ვინაობის დადგენით და გამოკითხვით დაედგინა გადაღების დრო.

„ასევე შეეძლო, ამოეღო რუსთაველის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, დადგენილიყო, ნამდვილად შეხვდნენ თუ არა კასრაძე და კაძელაშვილი ერთმანეთს 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის შუალედში, მაგრამ გამოძიებამ ესეც არ გააკეთა, ვინაიდან ეს ვიდეოკადრები ძველი კადრებიდან არის დამონტაჟებული და მისი ავთენტურობის დადგენა არ იშედიოდა გამოძიების ინტერესში.

გამომძიებელმა შეკითხვაზე, თუ რატომ ვარაუდობს, რომ კადრები გადაღებულია 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე შუალედში, განაცხადა, რომ ამის ვარაუდის საშუალებას აძლევს აქციის მაშტაბურობა და ის, რომ კადრები ძალიან ჰგავს იმ პერიოდში გამართულ აქციას. სინამდვილეში კადრში სულ 15-20 ადამიანი ჩანს და წარმოუდგენელია, საიდან დაადგინა გამომძიებელმა, რა მასშტაბის აქციაზეა გადაღებული”, – ამბობს კასრაძის დაცვის მხარე.

„ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის ნული. რამდენიც უნდა ვაჯამოთ, ნული ყოველთვის ნულად დარჩება… დღემდე ვერ გავიგეთ, რას ედავება ბრალდება ვეფხიას“, – თქვა მეორე ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ.

მან აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში სასამართლოს ერთი არგუმენტიც არ მოუსმენია, რატომ მიიჩნევა ვეფხია კასრაძე დამნაშავედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში.

კოჟორიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებამ ვერ დაასახელა ერთი ადამიანის სახელიც კი, ვინც ვეფხია კასრაძის მიერ ორგანიზებული „ჯგუფის“ წევრი იყო, ასევე ვერ დაასახელა, რა შედეგი მოჰყვა ქმედებას, რომელსაც თითქოსდა კასრაძემ გაუწია ორგანიზება.

„განსახილველ შემთხვევაში მე იმთავითვე, პირველივე პროცესზე ვკითხე ბრალდების მხარეს – გთხოვთ, დამისახელოთ, ხომ აბრალებთ ამ კაცს, რომ არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი, დამისახელეთ ერთი სახელი ადამიანის, იმ ჯგუფის, რომლის ქმედებასაც აორგანიზებდა. ასეთი სახელი და გვარი პროცესზე ვერ მოვისმინეთ.

დღეს ბოლო პროცესზე ვართ, ბოლოში გავედი და ვსვამ შეკითხვას – ამ მტკიცებულებათა მოკვლევის ეტაპზე ჩვენ მოვიკვლეთ ერთი ადამიანის სახელი, თუ ვინ იყო ვეფხია კასრაძის „ჯგუფის“ წევრი? ბრალდების დასკვნითი სიტყვიდან ასეთი ადამიანის სახელი გავიგეთ? არ გაგვიგია.

რატომ? გამორჩა ბრალდებას? იყო ასეთი ადამიანი საქმეში და ბრალდებას დაავიწყდა, დასკვნით სიტყვაში აღენიშნა? იმიტომ ვერ მოვისმინეთ, რომ ასეთი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს და ვერ იარსებებს. ჯგუფური ქმედება და მოქმედება ამ დანაშაულის ჩასადენად ამ ადამიანს უბრალოდ არ ჩაუდენია.

მეორე კითხვა, რაზეც იმთავითვე მოვითხოვდი პასუხს, იყო ის, რომ ვეფხიამ რაღაცა ქმედება დააორგანიზა ვითომ. ამ დაორგანიზებულ ქმედებას რა შედეგი მოჰყვა? მოჰყვა თუ არა ის ქმედება, რაც 225-ე მუხლშია აღწერილი? ამ მუხლის ნორმა მიუთითებს, რომ უნდა იყოს ორგანიზება ამ ჯგუფის და შემდეგ უნდა მოჰყვეს შედეგი.

ვეფხიას მიერ დაორგანიზებულ ქმედებას შედეგი რა მოჰყვა? ამ კითხვაზეც ვერ მოვისმინეთ პასუხი ბრალდებისგან, ვერც ერთი მოწმისგან.

დიახ, მოვისმინეთ, რომ პარლამენტის შენობა დაზიანდა, ტროტუარი აიყარა, პოლიციელს თუ სპეცრაზმელს ქვა მოხვდა.

…მარტივი კითხვა ჩნდება, პარლამენტის შენობა რომ დაზიანდა და ვეფხიას რომ აბრალებთ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს, რომლის შედეგადაც რაღაცა დაზიანდა, ის დაზიანება ამ ორგანიზების შედეგია? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ გვაქვს“, – თქვა ადვოკატმა.

კახა კოჟორიძის თქმით, საქმეზე დაკითხულ ათეულობით მოწმის ზოგადი ნაამბობი, რა ხდებოდა აქციაზე, სასამართლოსთვის საინტერესო არ უნდა იყოს, რადგან კონკრეტულად ვეფხია კასრაძის საქმეს განიხლავენ.

„ჩვენ მოწმეებს რომ დავუსვით კითხვები, თუ დაინახეთ, რომ ვეფხია კასრაძე  რაღაცას აორგანიზებდა? ყველას პასუხი იყო, რომ ვერც ვეფხია კასრაძეს და ვერც ერთ ბრალდებულს ვერ ასახელებენ.

არათუ არ დაუნახავთ და არათუ არ მოუსმენიათ, რომ შევეკითხე, რომელიმე თქვენი თანამშრომლისგან ან სხვა გამოკითხული პირისგან ყურმოკვრით თუ გაგიგიათ, რომ ვეფხია კასრაძე იყო ის ადამიანი, ვინც ეს ქმედებები დააორგანიზა, ვერც ერთმა მოწმემ ვერ თქვა, რომ გაიგონეს ან სადმე წაიკითხეს, ვეფხია კასრაძემ ასეთი ქმედება დააორგანიზა… არც ერთ მტკიცებულებაში ეს კაცი ირიბადაც არ არის ნახსენები. ასეთ მოცემულობაში უნდათ, რომ ვეფხია კასრაძე მინიმუმ 6 წლით ციხეში გაუშვან“, – თქვა ადვოკატმა.

მისი თქმით, ის არ ცდილობს, სასამართლო დაარწმუნოს ვეფხია კასრაძის უდანაშაულობაში, რადგან საქმის სამართლებრივი გარემოებებით ეს ნათელია, თუმცა მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ საქმეს პოლიტიკური მდგენელიც აქვს. კოჟორიძემ მიმართლა მოსამართლეს, გაბედავს თუ არა, მაღალი თანამდებობის პირების განცხადებების მიუხედავად, დაეყრდნოს კვალიფიკაციას და თქვას, რომ ვეფხია კასრაძე უდანაშაულოა.

„არ უნდა ვცდილობდე და არც ვცდილობ თქვენს დარწმუნებას, პატივცემულო მოსამართლე, რომ ვეფხია კასრაძე უდანაშაულოა. რატომ არ ვცდილობ? იმდენად ნათელია მთელი ამ საქმის ფაბულა, რომ თქვენ, როგორც კვალიფიციურ იურისტს, არ ვფიქრობ, რომ რამე კითხვის ნიშანი, შეიძლება გქონდეთ…

მაგრამ ამ საქმის პოლიტიკური მდგენელიდან გამომდინარე, გამომდინარე იმ პოლიტიკური განცხადებებიდან, რასაც ხელისუფლებაში მყოფი პირები აკეთებდნენ, როცა წინასწარ დამნაშავეებად აცხადებდნენ ამ ადამიანებს და მსგავსი ტიპის საქმეებზე ბრალდებულებს, ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მაქვს კითხვის ნიშანი, ამ განცხადებებიდან გამომდინარე, რასაც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებდნენ, გაბედავს მოსამართლე და იქნება თავისუფალი, ობიექტური და მიუკერძოებელი, რომ ის, რასაც კვალიფიკაცია დაანახებს, რომ საქმეში მტკიცებულება არაა, განაჩენში გადაიტანოს და თქვას, რომ ამ ადამიანს დამნაშავედ ვერ ცნობს.

მინდა, თქვენ გასცეთ პასუხი, რომ ამ საქმეში არაა საფუძველი იმისა, რომ რამე ქმედება დანაშაულად შეირაცხოს.

მე პირადად რომ ვიყო მოსამართლე, კიდევ უფრო შორს წავიდოდი და განაჩენში დავწერდი ასეთ რამეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, ბრალდებაში აღწერილი ქმედებები ფაქტობრივად რომ დადასტურებულიყო, მაგ შემთხვევაშიც კი არც ერთ ადამიანს დამნაშავედ არ ვცნობდი და გამოვიყენებდი მუხლს, რომელშიც საუბარია უკიდურეს აუცილებლობაზე“, – მიმართა მოსამართლეს კახა კოჟორიძემ.

ადვოკატის თქმით, უკიდურესი აუცილებლობაა, რომ ადამიანის უფლებათა დეკლარაციით, სამართალი დაცული უნდა იყოს კანონის ძალით და თუ ეს ასე არაა, ადამიანს აქვს აჯანყების უფლება. კოჟორიძე ამბობს, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეები ევროინტეგრაციის შეჩერების გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით შეიკრიბნენ, რაც კონსტიტუციური უფლებაა.

„თუ მოსამართლე ეტყვის ხელისუფლებას – თუკი შენ ისე იქცევი, როგორც იქცეოდი და ამაში თუკი მოქალაქე შეგეწინააღმდეგება, მე იმ ადამიანს დამნაშავედ არ გამოვაცხადებ. –  ეს იქნება სასამართლოს პრინციპული პოზიცია, ხელისუფლების დანაწილების სწორი ფორუმლა“, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.

დაცვის მხარის ადვოკატები გიორგი სამუშია, არჩილ ჭავჭანიძე, კახა კოჟორიძე ამბობენ, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვეფხია კასრაძის  ქმედებაში არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.