აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, თუმცა 24 ივლისს, ბრალდების დასკვნითი სიტყვის ეტაპზე, პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ სხვიტარიძეს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით შეეცვალა.
ბრალდების მიხედვით, 2024 წლის 4 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე „საბა სხვიტარიძემ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.“
ადვოკატის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ სხვიტარიძის ქმედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცრა, დაცვის მხარე ვერ დაეთანხმება გამოყენებულ ფორმულირებას და მოითხოვს გამამართლებელი განაჩენის უალტერნატივოდ გამოტანას.
დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა იმსჯელა საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და მტკიცებულებების უტყუარობის სტანდარტის ხარვეზებზე.
არაობიექტური გამოძიება
ადვოკატი მიუთითებს ევროსასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს სტანდარტზე, რომ, როცა საქმეში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია, გამოძიება ვალდებულია, მოიპოვოს ნეიტრალური მტკიცებულება.
დაცვის მხარის შეფასებით, საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს და არ მოიძია სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, გარდა ინტერნეტში ატვირთული ვიდეოსი.
ვიდეოჩანაწერები
გამომძიებელმა სალომე ედიშერაშვილმა საქმეში წარმოადგინა სოციალურ ქსელში მოპოვებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც, ადვოკატების შეფასებით, უტყუარობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
სხვიტარიძის დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ვიდეოს აქვს ავთენტურობის პრობლემა, რადგან არ დაკითხულა ის პირი, ვის გვერდზეც იდო ეს ვიდეო; გამომძიებელს არ გამოუთხოვია ჩანაწერები ტელევიზიებიდან და მოქმედებდა მხოლოდ 29-წამიან ვიდეოზე დაყრდნობით; არ დანიშნულა ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა, ვიდეოზე ასახული პირი არის თუ არა საბა სხვიტარიძე; აქვს თუ არა ვიდეოს მონტაჟის კვალი;
მისივე თქმით, გამომძიებელმა უგულებელყო მტკიცებულებების ალტერნატიული წყარო და არასრულფასოვნად შეავსო დათვალიერების ოქმი, რომელშიც არ მიუთითებია ვიდეოში გაგონილი დიალოგები, მაგალითად, ფრაზა – „ქალს ხელს ურტყამ“.
ადვოკატის შეფასებით, გამომძიებელს შეგნებულად არ შეაგროვებია ნეიტრალური და უფრო სანდო მტკიცებულებები.
„სალომე ედიშერაშვილმა ნეიტრალური მტკიცებულების ნაცვლად წარმოადგინა სავარაუდოდ გაყალბებული და დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერი, რომლის წარმომავლობასა და ავთენტიკურობას ვერ ადასტურებს…
უნდა ჩაითვალოს, რომ გამოძიება არ არის ყოველმხრივ სრული და ობიექტური მტკიცებულებათა მოპოვების ნაწილში“, – აცხადებს ადვოკატი.
გამომძიებლების მიერ დაწერილი მოწმეთა ჩვენებები
დაცვის მხარის პოზიციით, საქმის ფაბრიკაციასა და სიყალბეზე მოწმობს ოთხი მოწმე პოლიციელის მხრიდან ერთი და იმავე შეცდომის დაშვება – მათ შემთხვევის ადგილად თავისუფლების მოედნის ნაცვლად რუსთაველის გამზირზე მდებარე „თბილისი მერიოტი“ მიუთითეს.
„სალომე ედიშერაშვილის ჩვენება არ არის გასაზიარებელი, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლის ნაცვლად სამსახურში დაიწყო ჩვენებების საკუთარი ვერსიის დალაგება, რა დროსაც დაუშვა მექანიკური შეცდომა და ოთხივე მოწმეს ჩააწერა ერთი და იმავე შეცდომა ადგილთან დაკავშირებით. რომელი უფრო დამაჯერებელია, ოთხმა ოპერატიულმა თანამშრომელმა ერთი და იგივე შეცდომა დაუშვა კვირის სხვადასხვა მონაკვეთში გამოკითხვის ეტაპზე, თუ სალომე ედიშერაშვილი აკოპირებდა ჩვენებების შინაარსს?“, – აცხადებს ადვოკატი.
მირიან ქავთარაძის მიერ ფიზიკური ძალადობის დამალვის მცდელობა
დაცვის მხარის თქმით, სასამართლოში გამოიკვლიეს ტელეკომპანია „მთავარის“ ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მირიან ქავთარაძე პოლიტიკოს თეონა ჭალიძეს. თეონა ჭალიძის თქმით, მას ქავთარაძემ სახეში ხელი გაარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაზიანება მიიღო.
როგორც დაცვის მხარე მიუთითებს, გამომძიებელმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ არ ჩაუტარებია სრულყოფილი გამოძიება, არ დაუსვამს შეკითხვა არცერთი მოწმისთვის მირიან ქავთარაძის ძალადობასთან დაკავშირებით და არ ჩაუტარებია ყოველმხრივი მოკვლევა, არსებობდა თუ არა მირიან ქავთარაძის მხრიდან თავდასხმა და ამით გამოირიცხებოდა თუ არა იქ მყოფი პირების მხრიდან მირიან ქავთარაძესთან ფიზიკური დაპირისპირება. ადვოკატების პოზიციით, ამ ფაქტების დადგენა შესაძლოა, აუცილებელი მოგერიების დადასტურებაც ყოფილიყო.
„ვიდეოჩანაწერი რომ სწორად იყოს მოპოვებული, ამოცნობა რომ სწორად იყოს ჩატარებული და დადგინდეს, რომ საბა სხვიტარიძემ დაარტყა მირიან ქავთარაძეს თავში გარკვეული საგანი, მისი ბრალი მაინც გამოირიცხება, ვინაიდან პირველად თავდამსხმელი არის მირიან ქავთარაძე. თუმცა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ პირი, რომელაც მირიან ქავთარაძეს ზიანი მიაყენა, არის საბა სხვიტარიძე“, – ამბობს ადვოკატი.
მირიან ქავთარაძის თავდასხმა მოქალაქეებზე და აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის შექმნა
დაცვის მხარის პოზიციით, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში წარმოადგინეს მირიან ქავთარაძის მიერ თეონა ჭალიძისთვის ხელის გარტყმის ვიდეო, რომლის სანდოობა ბრალდების მხარეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია, მოწმე პოლიციელები ჩვენებებში მირიან ქავთარაძის მიმართ მიკერძოებულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ ვერ დაინახეს ქავთარაძის მხრიდან ძალადობისა და გინების ფაქტი. ადვოკატების პოზიციით, მათი ჩვენებები სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.
თეონა ჭალიძეზე ხელის გარტყმა უარყო თავად მირიან ქავთარაძემაც.
„ვიდეომტკიცებულებით დასტურდება, რომ მირიან ქავთარაძე დაესხა თავს მოქალაქეებს, რის შემდგომაც გადაწყვიტა თავდასხმის გაგრძელება, ამავდროულად ოთხივე მოწმე იტყუება და ცდილობს დაფაროს ქავთარაძის დანაშაული.
არ არსებობს საკმარისი ნეიტრალური მტკიცებულება, რომ საბა სხვიტარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ.
ბრალდებამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ პირი, რომელიც მირიან ქავთარაძეს ურტყამს საგანს, არის საბა სხვიტარიძე“, – ამბობენ ადვოკატები.
დაცვის მხარემ ასევე ისაუბრა იმაზე, რომ მირიან ქავთარაძე „ქორთიარდ მარიოტთან“ იდენტიფიცირებადი არ იყო, რადგან არ ეცვა ფორმა.
ადვოკატის თქმით, მოწმეებმა განსხვავებული ჩვენება მისცეს იმასთან დაკავშირებით, გააკეთა თუ არა ქავთარაძემ თავის ვინაობაზე განმარტება.
საგანი
„ბრალდების მხარე აპელირებას ახდენდა, მოგრძო საგანზე, რომელიც საბა სხვიტარიძეს უნდა სჭეროდა ხელში, თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ ჩანაწერები და დავინახეთ, რომ საბა სხვიტარიძეს ხელში არ უჭირავს დიდი ხელკეტი, ან საერთოდ ხელკეტი, პირიქით ორივე ხელი უჩანს თავისუფალ მდგომარეობაში, აღნიშნული ჩანაწერი დაპირისპირებამდე რამდენიმე წამით ადრე არის გადაღებული“, – აცხადებს დაცვის მხარე.
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უგულებელყოფა
საბა სხვიტარიძე პოლიციის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაზარალებულადაა ცნობილი.
დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილია სხვიტარიძის დაზიანებები.
„საქმეზე დაიკითხა და უდავოდ იქნა ცნობილი უამრავი მოწმე. საბა სხვიტარიძემ დეტალურად განმარტა, როგორ იძალადეს მე-5 და მე-8 სართულზე და რომელ კაბინეტში. ფაქტია, რომ მირიან ქავთარაძე და მისი გენიოსი თანამშრომლები მუშაობენ მე-5 სართულზე, საიდან უნდა სცოდნოდა საბა სხვიტარიძეს მე-5 სართულის განლაგება, როცა ნამყოფი არ უნდა ყოფილიყო. ამ საქმეზე დადგინდება კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და დიდი იმედი მაქვს, სასამართლო არ მიიღებს ამ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობას.
სასამართლომ დაცვის მხარის გარეშე უდავოდ გახადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები, თითქოს აღნიშნული დაცვის მხარის მოპოვებული ყოფილიყო, რამაც დაარღვია კონვენციის მე-6 მუხლი, მე-3 მუხლთან ერთად, ვინაიდან ჩვენ შეგვეძლო წამების ფაქტის გამოვლენა და სასამართლომ არ მოგვცა აღნიშნულის საშუალება“, – აღნიშნულია დასკვნით სიტყვაში.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, სასამართლომ განყენებულად არ უნდა განიხილოს საბა სხვიტარაძის დაზარალებულად მიჩნევისა და ბრალეულობის საქმე.
მისივე თქმით, სასამართლომ უნდა შეაფასოს მირიან ქავთარაძის ქმედებებიც.
„თუ სასამართლო დაადგენს იმას, რომ საბა ურტყამს მირიან ქავთარაძეს, ასევე დაადგენს იმასაც, რომ აუცილებელი მოგერიება არ არსებობდა, სასამართლო განაჩენში დაწერეთ, 10 წამით ადრე მირიან ქავთარაძე რა ქმედებას ახორციელებს, ესხმის თუ არა თავს მოქალაქეებს. თუ დაწერთ, რომ არ ესხმის თავს, მაშინ ამიხსენით, რაში გამოიხატა თეონა ჭალიძის და სხვა მოწმეების [დიმიტრი ბიძინაშვილი, ბესიკ გაზდელიანი] არასანდოობა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ქავთარაძე იყო პირველად თავდამსხმელი.
პრაქტიკას აღარ გეტყვით აუცილებელი მოგერიების საკითხზე, ეს რომ საბა ყოფილიყო, გაზდელიანი, ბიძინაშვილი ან ჭალიძეც რომ ყოფილიყო, ყველას… ქავთარაძის განეიტრალების საშუალება და უფლებამოსილება. განეიტრალდა მირიან ქავთარაძე? გააგრძელა სხვა მოქალაქეების დაზიანება? არა. მიღწეული იქნა შედეგი, თავდამსხმელი, ე.წ. ტიტუშკა, რომელიც ძალადობს ქალზე და მიიწევს მოქალაქეებზე, განეიტრალდა. კონკრეტული ამოცანით მიღწეული იქნა კონკრეტული შედეგი.
თუ ჩავთვლით, რომ ეს არის საბა, ვისმჯელოთ, მირიან ქავთარაძე ესხმოდა თუ არა თავს საბას და იქ მყოფ მოქალაქეებს და საბას თანამოაზრეებს…
მე მართლა გულწრფელად მესმის თქვენი და რა ნაწილში: თქვენ რომ დაწეროთ, რომ მირიან ქავთარაძე თავს დაესხა თეონა ჭალიძეს, ამით ბრალდების მხარე ვალდებული იქნება, რომ დააკავოს მირიან ქავთარაძე. ამიტომ თქვენი საკითხი არის ძალიან პრობლემური, ვგულისხმობ სასამართლო განაჩენს. იმიტომ, რომ თუ ამას დაწერთ, პირდაპირი მოწოდება იქნება, რომ დააკავონ მირიან ქავთარაძე.
თუ არ დაწერთ ამას, მაშინ სამი მოწმის ჩვენების ანულირება უნდა მოახდინოთ და ვიდეოჩანაწერზე უნდა თქვათ, რომ ეს თავდასხმა არაა და ხელს არ ურტყამსო, რომელი სჯობს, ეს თქვენ გადაწყვიტეთ…“, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
საბა სხვიტარიძის ადვოკატები, ირაკლი ჩომახაშვილი და გოგიტა ბახტაძე სასამართლოს სხვიტარიძის უდანაშაულოდ ცნობის შუამდგომლობით მიმართავენ.