აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
საქმეზე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.
ლუკა ჯაბუას ადვოკატმა, რუსუდან აგურაშვილმა, დასკვნითი სიტყვა დაიწყო იმით, თუ რას გულისხმობს ჯაბუასთვის ბრალად წარდგენილი მუხლი – ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა – და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უტყუარად უნდა დაედასტურებინა, რომ არსებობს ორგანიზატორი; რომ ლუკა ჯაბუა ასრულებდა ორგანიზატორის დაგეგმილ მოქმედებას; რომ ის იცნობდა სხვა რომელიმე ბრალდებულს და მათთან წინასწარ შეკავშირებულად მოქმედებდა.
ადვოკატის თქმით, საქმეს სასამართლო მეცხრე თვეა, განიხილავს და ამ პერიოდის განმავლობაში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ლუკა ჯაბუას სახელი ცხრაჯერაც არ გაჟღერებულა.
რუსუდან აგურაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმე დაცლილია ინდივიდუალურობისგან და პროკურატურა ფრაზების განზოგადებით ცდილობს, ფონს გავიდეს.
„მეცხრე თვე იწურება, რაც ამ საქმეს სასამართლოში ვიხილავთ და ლუკა ჯაბუას სახელი სულ 9-ჯერ არ ყოფილა გაჟღერებული მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. თქვენ ვერ გაიხსსენებთ ერთ მტკიცებულებასაც კი, სადაც კონკრეტულად ლუკაზე ან მის წინაღმდეგ დადგენილ გარემოებებზე იყო საუბარი და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ საქმის დასაწყისიდანვე, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე დაცლილია ყოველგვარი ინდივიდუალურობისაგან და საქმე გვაქვს კოლექტიურ ბრალთან, სადაც ცალ-ცალკე თითოეულ პიროვნებას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ უდგინდება, მაგრამ მასის შექმნითა და განზოგადებული ფრაზებით ცდილობს პროკურატურა, ფონს გავიდეს.
აგრეთვე, არ გამკვირვებია, როდესაც დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, პროკურორებმა კვლავ ბრალდების შესახებ დადგენილება წაიკითხეს, ვინაიდან ამას აკეთებენ გამუდმებით. ნებისმიერი საკითხის განხილვისას, როდესაც თითოეულ ბრალდებულის მიმართ უწევს საუბარი ბრალდების მხარეს, პროკურორები მხოლოდ ბრალის დადგენილების წაკითხვით შემოიფარგლებიან ხოლმე და არასდროს მოგვისმენია რაიმე დამატებითი მტკიცებულებისა ან არგუმენტაცია.
ბრალის დადგენილება კი, თავისთავად, ამავე დადგენილებაში მითითებული ქმედების მიმართ, მტკიცებულება არ არის. საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, სადაც ლუკა ჯაბუას სახელი შეიძლება იყოს ნახსენები, გარდა ვიდეოჩანაწერისა, რომლიდანაც გამომდინარეობს ყველა სხვა დანარჩენი საგამოძიებო ოქმი: ვიდეოს გამოთხოვა, ვიდეოს დათვალიერება, ვიდეოზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშნვნა და ვიდეოზე მიღებული ამავე ექსპერტიზის დასკვნა. სხვა რა მტკიცებულება გამოიკვლია სასამართლომ? – არაფერი”, – ამბობს აგურაშვილი.
ადვოკატი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადგინდა, რომ ლუკა ჯაბუას უჭირავს მძიმე საგანი. ასევე არ დადგინდა, რომ ეს საგანი შეიძლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იყოს საშიში, რაც თავისთავად გამორიცხავს სსკ-ის 225-ე მუხლის შენიშვნაში მითითებული საგნის მახასიათებლების არსებობას და თავისთავად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ლუკა ჯაბუას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და არის უდანაშაულო.
რუსუდან აგურაშვილმა ყურადღება გაამახვილა ლუკა ჯაბუას პირად ჩხრეკაზე. პროკურატურის მიერ შედგენილ შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ ჯაბუას ჩხრეკა საჭირო იყო „კანონსაწინააღმდეგო ნივთების დაძებნისა და ამოღების მიზნით“.
„პირადი ჩხრეკის შედეგად ლუკასგან ამოიღეს ევროკავშირის დროშა, წყლის სათვალე, აირწინაღი და მობილური ტელეფონი. ყველა ჩამოთვლილ ნივთზე გამომძიებელმა განმარტა, რომ არცერთი ამოღებული ობიექტი არ არის კანონსაწინააღმდეგო“, – თქვა ადვოკატმა.
აგურაშვილმა, პირად ჩხრეკაზე საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებაზე ისაუბრა.
რატომ ამოიღეს ეს ნივთები, როდესაც შუამდგომლობით მოთხოვნილი იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთების ამოღება, ადვოკატი ხუნაშვილის შემდეგ პასუხებზე ამახვილებს ყურადღებას:
„სათვალე, რომელიც არაა კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ამოვიღეთ იმიტომ, რომ ვიდეოში იგივე სათვალე უკეთიაო. როდესაც გამოვიკვლიეთ ვიდეო სასამართლოზე, ყველამ ვნახეთ, ვიდეოში რა სათვალეც უკეთია, აბსოლუტურად სხვა ფერის, ფორმისა და ზომისაა…
ჯერ ნივთები, რაც ამოიღეს, ხომ არაფერ შუაშია და კანონსაწინააღმდეგო არაა, რაც ამოიღეს და წარმოადგინეს, მაგალითად, სათვალე და ამბობენ, დანაშაულთან შემხებლობაშიაო და ამ დროს ეს სათვალე საერთოდ არაფერ შემხებლობაში არაა განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან
ანალოგიურად, ევროკავშირის დროშის შენახვა არაა კანონსაწინააღმდეგო, არც დასჯადი, არც გაკიცხვას სამართლებრივს და მორალურს საჭიროებს ვინმეს მხრიდან, ბუნებრივია, მაგრამ ამოიღეს, ვიდეოში ეკეთა ევროკავშირის დროშაო და დიახ, ეკეთა და ეს ევროკავშირის დროშა რომ ეკეთა, მაგის გამო ხომ არის ბრალდებული, უბრალოდ ითქვას, რომ მაგის გამოა ბრალდებული და გარკვეული იქნება ეს მდგომარეობაც.
ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა მობილური, რომელიც ასევე არ არის კანონსაწინააღმდეგო ნო ნივთი. არსენ ხუნაშვილმა განმარტა, რომ იმისთვის ამოიღეს, რომ შესაძლებელია, ტელეფონით ახორციელებდა რამე დანაშაულებრივ ქმედებას.
რატომ არის ეს სასაიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ბრალდების მხარის პოზიციით, ტელეფონი იყო მნიშვნელოვანი, რომ დაედგინა გამოძიებას, ლუკა ჯაბუა იყო თუ არა ჩართული ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. ეს იყო შანსი ბრალდების მხარისთვის, დაედგინა, არსებობდა თუ არა ორგანიზებულობის რომელიმე კომპონენტი.
როგორ არ არის დადგენილი ასეთი რაღაც, თუ ამისთვის ამოიღეს ტელეფონი, ეს ხომ იდეალური შესაძლებლობა იყო, რომ მთავარი მტკიცებულება მოეტანათ ლუკა ჯაბუას წინააღმდეგ. პასუხად ვიღებთ ფრაზას, რომ ჯერ არ არის დასრულებული ექსპერტიზა და შესაძლებელია, რომ მომავალში მივიღოთ ეს დასკვნა.
ეს პასუხი ორი გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი. ველოდები დასკვნას ნიშნავს, რომ ამ პროცესზე წარმოდგენილი არ არის არც ერთი გარემოების მტკიცებულება, რომელიც ჩამოვთვალეთ, შესაბამისად, სასამართლო ამას ვერ გაიზიარებს;
ხუნაშვილის მხრიდან ნათქვამი – „ველოდები მომავალში შესაძლებელია იყოს დასკვნა“ – ეს ფრაზა, იმ პირობებში, როდესაც მას შეეძლო, დაეთვალიერებინა ტელეფონი, ეთხოვა ლუკასთვის და წარმოედგინა შეგროვებული ინფორმაცია, თუ რამე სახით ეხებოდა ამ საქმეს, ეს უნდა გაეკეთებინა ობიექტურ გამომძიებელს… ან უნდა ეთქვა, რომ გავაკეთე, მაგრამ არაფერი არ იყო ამ ტელეფონში… შეეცადა და სასამართლოს ცრუ ემოციები მოასმენინა, ვითომდა მომავალში შეიძლება რამე აღმოჩენილიყო“, – თქვა ადვოკატმა.
დასკვნით სიტყვაში ადვოკატმა ასევე მოიხმო არსენ ხუნაშვილის ჩვენება, რომელშიც ის ამბობს, რომ „ლუკა ჯაბუასა და ორგანიზატორებს შორის პირდაპირი კავშირი არ არის დადგენილი” და რომ „ამ საქმეში ორგანიზატორი დადგენილი საერთოდ არ არის“.
„[ხუნაშვილი] შემდეგ კი ამატებს „ნებისმიერი ორგანიზატორის მოწოდებებს შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა ლუკა ჯაბუაზეც” – თუმცა შესაძლებელია და არა ფაქტიო. რასაც იმპერატიულად მოითხოვს ბრალად წარდგენილი ნორმა, რომ დგინდებოდეს უშუალო კონტაქტი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის, ეს გამოძიებას არ დაუდგენია“, – ამბობს ადვოკატი.
ვიდეოჩანაწერები
ადვოკატის პოზიციით, პროცესზე გამოკვლეულმა ვიდეოჩანაწერებმა ნათლად დაადასტურა, რომ არცერთ ვიდეოში პოლიციის მიმართულებით რაიმეს სროლა არ ჩანს.
„საქმეში წარმოდგენილი ვიდეოები ადასტურებს ერთადერთ ჭეშმარიტებას, თუ როგორ ექცეოდნენ სამართალდამცავები აქციაზე მყოფ მოქალაქეებს. როგორ აგინებდნენ და მიმართავდნენ პატივისა და ღირსების შემლახველი სიტყვებით. როგორ ესროდნენ ბოთლებს ქვებს და სხვა ნივთებს… და როგორ მოიქცა ამ დროს სახელმწიფო. დასაჯა მშვიდობიანი მოქალაქეები და არცერთი სამართალდამცავი. ეს უნდა დაინახოს სასამართლომაც და თვალი არ უნდა დახუჭოს პოლიციელების მხრიდან იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც საქმეზე წარმოდგენილი ვიდეოებიდან იკვეთება“, – თქვა ადვოკატმა.
დაზარალებულები
რუსუდან აგურაშვილი ამბობს, რომ მოწმეთა ჩვენებებში სასამართლოს არ მოუსმენია არცერთი ბრალდებულის სახელი და გვარი, არც ერთ დაზარალებულად ცნობილ პოლიციელს არ უხსენებია, რომ კონკრეტულად რომელიმე ბრალდებულის მხრიდან მიიღო დაზიანება.
„შესაბამისად ისმის კითხვა: რას ვედავებით ლუკა ჯაბუას? როდესაც აშკარაა, რომ არცერთი დაზარალებული მისი მხრიდან არ დაზიანებულა. ეს გამოიკვეთა მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევით, სადაც აშკარაა, რომ პოლიციის მიმართულებით არაფერს ისვრის, წარმოდგენილი პოლიციელი მოწმეთა ჩვენებებით, რითიც დამტკიცდა რომ მას, ზემოთ ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, არავინ დაუზიანებია და ბოლოს, იმ საგნის არ ქონით, რომელიც ადამიანის ან ცოცხალი ობიექტების დაზიანებას შეძლებდა.
საუბარი აღარაა იმ გარემოებაზე, რომ პარლამენტის მიმდებარედ სხვადასხვა ტერიტორიაზე დაზიანებულ მუნიციპალურ ქონებას ლუკა ჯაბუას ვერ შევურაცხავთ ბრალად, ვინაიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე ყოფნით ფიზიკურად შეუძლებელია სხვა ქუჩებზე რაიმე ობიექტების დაზიანება.
რას ვედავებით?! – ამაზე პასუხი მარტივია. ის ისჯება საკუთარი სამოქალაქო უფლების განხორციელებისათვის. აზრის გამოხატვისა და უბრალოდ საპროტესტო აქციაზე ყოფნისათვის.
თქვენ მშვენივრად იცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი სისხლის სამართლის საქმე. ლუკა ჯაბუასა და პროცესზე წარმოდგენილი სხვა ბრალდებულების დაკავებაც არ ყოფილა სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულთან ბრძოლისათვის განხორციელებული ქმედება და არ ემსახურებოდა სისხლის სამართლის კოდექსის მიზნების აღსრულებას. მათი დაკავება, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, სახელმწიფოს დაენახებინა პროტესტის გამომხატველი საზოგადოების დანარჩენი წევრებისათვის, თუ რა დაემართებოდათ სხვებსაც, საპროტესტო აქციების გაგრძელების შემთხვევაში. ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული „სამაგალითო დასჯა” სხვა მოქალაქეებისათვის, მცდელობა, ხალხში გაეჩინათ რეპრესიების შიში და ჩაეკლათ პროტესტი.
ეს დაადასტურა არაერთმა გარემოებამ ამ თვეების განმავლობაში. არაერთმა პოლიტიკურმა განცხადებამ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას ბრალდებულების მიმართ. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, რომ იქ, სადაც ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია, მტკიცებულებებიც არ არსებობს“, – ამბობს ადვოკატი.
რუსუდან აგურაშვილის თქმით, ეს რომ რიგითი სისხლის სამართლის საქმე არაა, ამას ადასტურებს ლუკა ჯაბუას დღემდე პატომრობაში ყოფნა, როცა, მისი თქმით, ამის არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ არსებობს.
„ეს რომ ნებისმიერი სხვა, ნაკლებად გახმაურებული და პოლიტიკურად ნაკლებად საინტერესო საქმე ყოფილიყო, ლუკა ჯაბუას მიმართ ნებისმიერი ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიება იქნებოდა შეფარდებული“, – თქვა ადვოკატმა.
რუსუდან აგურაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების დასადასტურებლად აუცილებელია, დადასტურდეს ბრალდებულების კავშირი, ნაცნობობა, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებული ხასიათი ან ქმედების ვინმეს მითითებით შესრულების ფაქტი. ადვოკატის თქმით, საქმეში არც ერთი ეს გარემოება არ დადგენილა.
„ჩვენს საქმეში, არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გარემოება არ დადგენილა, აგრეთვე არ დადგენილა ისეთი საგნის ფლობა, რომელიც საფრთხის შემქმნელი იქნებოდა ცოცხალი ობიექტებისათვის. ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება.
ამასთანავე, დასკვნით სიტყვაში მე შემეძლო მემსჯელა საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხზეც. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არცერთი დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების ფაქტი არ გვაქვს საერთოდ – სახეზე არ გვაქვს ძალადობა; სახეზე არ გვაქვს მუქარის განხორციელების შემთხვევა და არ გვყავს პიროვნება, რომელიც კონკრეტულად ამბობს, რომ ლუკა ჯაბუამ დააზიანა, მსგავსი შინაარსის მუქარა განახორციელა მის მიმართ, შესაბამისად, მე ვერ ვისაუბრებ ამ საკითხზე და სასამართლოსაც არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა რომელიმე მუხლის შემადგენლობის არსებობა დაასაბუთოს. ამ საქმეზე ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არსებობს – ეს არის გამამართლებელი განაჩენი“, – თქვა ადვოკატმა.