„ბრალდების მხარემ გადაწყვიტა, ზოგადი ფრაზებით გასულიყო ფონს“ | ქერაშვილის საქმის დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ 26 აგვისტოს დასკვნითი სიტყვა თქვა.

ირაკლი ქერაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, მასთან ერთად საქმეზე ბრალდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი და სერგეი კუხარჩუკი.


ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ დასკვნით სიტყვაში მიმოიხილა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენები, ისაუბრა ბრალის დადგენილებაზეც.

როგორც აღნიშნა, ბრალდების მხარემ 9 თვის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც ბრალს დაადასტურებდა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე პირველი წარდგენის სხდომიდანვე მოყოლებული არ საუბრობდა რომელიმე ბრალდებულზე ინდივიდუალურად, არ საუბრობდა მტკიცებულებებზე, რომელიც რომელიმე ბრალდებულს რაიმეს უმტკიცებდა – „ბრალდების მხარემ გადაწყვიტა ამ ადამიანების საქმე ერთად განეხილა, ერთ ქვაბში ჩაეყარა და უბრალოდ ზოგადი ფრაზებით გასულიყო ფონს”.

რას ედავებიან ირაკლი ქერაშვილს?

პროკურატურა 11 პირის საქმეში ბრალდებულ ირაკლი ქერაშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

კერძოდ, ბრალდების მტკიცებით: „ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი, ირაკლი ქერაშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში, რა დროსაც ჯგუფური ძალადობის მონაწილეები პარლამენტთან და მის მიმდებარე ტარიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუველყოფის მიზნით განლაგებულ და მოქმედ სამართალდამცველთა მიმართ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, უწყვეტად ახორციელებდნენ წინააღმდეგობას და მათზე თავდასხმას. რისთვისაც იარაღად იყენებდნენ ქვებს, რკინის ნაჭრებს, სხვა მძიმე საგნებს, პიროტექნიკურ ნაკეთობებს, ადვილაალებად ნივთიერებებს, ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს და სხვა ისეთ საგნებს და მოწყობილობებ, რასაც შეეძლო გამოეწვია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანება“.

ე.წ. ორგანიზატორები

პროკურატურა ამბობს, რომ აღნიშნულ ძალადობრივ მოქმედებებს 8 პირის საქმეში ბრალდებულები – ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი აორგანიზებდნენ.

ირაკლი ქერაშვილის ადვოკატმა პროცესზე დეტალურად ისაუბრა ბრალის შესახებ დადგენილებაზე. მან თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა ზვიად ცეცხლაძეზე, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილზე და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში „ვერ ვიპოვით ერთ მტკიცებულებასაც კი, რაც დაადასტურებს, რომ ეს ხალხი განიხილავდა ერთობლიობით რაიმე სახის გეგმას“.

„34 დანართი აქვს საქმეს და არცერთი მასალა არ ეხება ზვიადს, ვასილს და ვეფხიას. არ ყოფილა გამოკვლეული სხდომათა დარბაზში არცერთი პირდაპირი მტკიცებულება რაც მიუთითებდა, რომ ეს ხალხი ვერბალურად, მიმოწერით, ვიდეო ჩატით, მორზეს ანბანით, იეროგლიფებით ან რაიმე სხვა ქმედებით განიხილავდნენ რაიმე ჯგუფური ძალადობის გეგმებს“, – თქვა ადვოკატმა.

მისი თქმით, არაა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დადებოდა ბრალში მითითებულ ფორმულირებებს. როგორიცაა – რომ ე.წ. ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისკენ, აორგანიზებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირთა თავმოყრას კონკრეტულ ლოკაციებზე, ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს და ა.შ.

„როდესაც არის ბრალი და მას ვკითხულობ, პროკურორმა ყველა დაშვებაზე არგუმენტი/მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს. როდესაც რაიმეს წერს ბრალში და წირავს ადამიანს ამხელა სასჯელისთვის, აუცილებლად უნდა იყოს არგუმენტირებული. გრაფა ბრალის დადგენილებაში სახელად – მტკიცებულებები – უბრალოდ მოსანიშნი გრაფა კი არაა, ვალდებულებაა… ყოველ ჯერზე უნდა არსებობდეს მყარი, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები! რაც ჩვენს შემთხვევაში არაა”, – ამბობს აჭარაძე.

მან ასევე განავრცო ბრალდების შესახებ დადგენილებაში მოყვანილი ფრაზა – „ირაკლი ქერაშვილი 2024 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში”:

ამ ჩანაწერიდან გამომდინარე ადვოკატი სვამს შეკითხვებს: ვისთან იყო შეკავშირებული? ვის დაქვემდებარებაში იყო? ვისგან იღებდა დავალებებს? რა დავალებებს იღებდა? რა მიზნის ირგვლივ იყო ირაკლი ქერაშვილი სხვებთან ერთად გაერთიანებული? ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს იცნობს თუ არა? რაიმე კომუნიკაცია დასტურდება? სხვა დაუდგენელ პირებთან აქვს რაიმე მიმოწერა ან სხვა კავშირი?

მისი თქმით, ამ შეკითხვებზე პასუხი ბრალდების მხარეს საქმის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე არ გაუცია.

საიდან მოვიდა 1 დეკემბერი და რა ადასტურებს მას?

მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბრალში მითითებულ 1 დეკემბერს, „რეკვიზიტს”, როგორც თავად უწოდებს. მან მიმოიხილა საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიც და ბოლოს აღნიშნა, საქმეზე წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება თუ ჩვენება ვერ ადასტურებს, რომ ეს ვიდეო პირველ დეკემბერსაა შექმნილი.

„ერთი მტკიცებულება მითხარით სადაც პირდაპირი მოწმე, ან რაიმე დოკუმენტით ნათქვამია, რომ პირველ დეკემბერს არის შექმნილი ეს ვიდეო, ანუ გადაღებული…”, – ამბობს ის.

პიროტექნიკა და ვიდეოები – რა ჩანს მასზე

რევაზ აჭარაძემ დასვა შეკითხვა, თუ რომელი მტკიცებულების საფუძველზე დგინდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ირაკლი ქერაშვილმა პიროტექნიკა ისროლა სამართალდამცველთა მიმართულებით.

„ორ ვიდეოში ფოიერვერკი სხვადასხვა რაკურსითაა გადაღებული, ერთი საერთოდ ვინ, როდის, როგორ გადაიღო გაუგებარია, ხოლო მეორე ვიდეოს თარიღი არცაა დადასტურებული და ასევე არ ჩანს, რომ პოლიციელებს ესვრის.

არანაირ საფრთხეს არ ქმნიდა ჰაერში გასროლილი პიროტექნიკა, რაც აკრძალული არ ყოფილა. საფრთხის შექმნაზე არაა ეს ნორმა ბატონო მოსამრთლევ. კი, ფორმალური დანაშაულია, ვეთანხმები როგორც ნონა თოდუას, ასევე უზენაეს სასამართლოს. კი ბატონო, ნებისმიერი იარაღი შეიძლება იქნეს გამოყენებული. კი ბატონო, შესაძლოა, ფოიერვერკი საფრთხის შემქნელიც იყოს. მაგრამ:

225-ე მუხლით ქმედების შერაცხვისთვის, ბრალდების მხარე ვალდებულია, სასამართლოს ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებათა ერთობლიობით დაუმტკიცოს, რომ ბრალდებულმა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ჩაიდინა არა ნებისმიერი მოქმედებით, არამედ, კანონით პირდაპირ და კონკრეტულად გათვალისწინებული იმგვარი ქმედებით, რაც სისხლისსამართლებრივად შერაცხადია ცალკე აღებულიც, ჯგუფური ძალადობის კონტექსტის გარეშეც.

პირველი – სად ჩანს ირაკლი ქერაშვილის ამ ძალადობრივ ე.წ. ხანგრძლივ წინააღმდეგობაში და ძალადობაში მონაწილეობა?

მეორე – სად ჩანს ირაკლი ქერაშვილი რომ უწყვეტად ისვრის პიროტექნიკას პოლიციელთა მიმართულებით?

მესამე – მართლა მაინტერსებს, იმ რაკურსით გადაღებული ვიდეო, რაც ლევან ნიჟარაძემ [ჰაბიტოსკოპიური ექსპერტი] მოიტანა, სადაა სრული ვიდეო? დაიღუპა ეგ ოპერატორი? ვიდეო წაშალა? ბრალი წარადგინეს ვიდეოზე, სადაც არაფერი არ ჩანს და მეორედ როცა მივიდნენ სრული ვიდეოს გამოსათხოვად, რაც არ გააკეთეს, ეს კადრი აღარაა ვიდეოში? რასთან გვაქვს საქმე? ანა ბარაბაძის გადაღებული იყო და არ ვიცით?“ , – თქვა ადვოკატმა.

დასკვნითი სიტყვის ბოლოს ადვოკატმა შეაჯამა, თუ რა მტკიცებულებები დევს საქმეში და მოსამართლეს მიმართა: „თუკი უტყუარად არ დგინდება, რომ 1 დეკემბერია, განაჩენი როგორ გამოგაქვთ?, თუ არ დგინდება შეკავშირება, განაჩენი როგორ გამოგაქვთ?“.

„გულწრფელად მაქვს იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და ერთადერთ შესაბამის გადწყვეტილებას, როგორიცაა – გამამართლებელი განაჩენი“, – განაცხადა რევაზ აჭარაძემ.