NGO-ები სასამართლოსგან FARA-ს აღსრულების წესის შესახებ გაცემული ბრძანების დებულებების გაუქმებას მოითხოვენ

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და მოითხოვენ, გაუქმდეს ანტიკორუფციულის ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებები.

ორგანიზაციების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 31 მაისის ბრძანებით ბიუროს იმაზე მეტი უფლებამოსილება მიანიჭა, ვიდრე ეს განსაზღვრულია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“(FARA).

„მას შეუძლია, დაიწყოს მოკვლევა, ინსპექტირება, მიმართოს სასამართლოს ყადაღის დადების მოთხოვნით იმ ორგანიზაციების მიმართ, ვისაც მიაჩნია, რომ არ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში.

ამგვარი უფლებამოსილებები „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“ არ არის გაწერილი და ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მოხდა მათი მიღება. 

აღნიშნული იწვევს ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე ორგანიზაციების უფლებების დარღვევას, რადგან ჩვენი უფლებები იზღუდება კანონმდებლობისა და კონსტიტუციის დარღვევით მიღებული ნორმების საფუძველზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოსგან ვითხოვთ, 2025 წლის 31 მაისის ბრძანების ცალკეული დებულებების ბათილად გამოცხადებას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე მათი უკანონობის გამო“, – აცხადებენ ორგანიზაციები.

ორგანიზაციების განცხადებით, მათ მოთხოვნას სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოსთან არსებული სპეციალური ექსპერტთა საბჭოს (Conference of INGOs) სამართლებრივი დასკვნა, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

„ამ დასკვნის მიხედვითაც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას და პირადი ცხოვრების უფლებას, მათ შორის იმის გამო, რომ კანონში არსებული ბუნდოვანი დებულებები ადამიანის უფლებების მრავალგზის შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ.

გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში საუბარია 8 დამატებით მიზეზე, რის გამოც „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ არღვევს ადამიანის უფლებებს, მათ შორის აღნიშნულია სანქციის სიმკაცრე, რომელიც იმაზე უფრო დიდ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო სწორედ ამ საფუძვლით. 

ჩვენ ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი, რათა წინ აღვუდგეთ რეპრესირებულ კანონებს და მოგვეცეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის გაგრძელება“, – აცხადებენ ისინი.