თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელები მოეწყობა.
მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელები მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.
როგორც კალაძემ განაცხადა, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით. მისივე ინფორმაციით, პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე.
„დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე.
აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე“, – თქვა კალაძემ.