28 აგვისტოს რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუბლიკა

28 აგვისტოს რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. დაკარგულია 10 ადამიანი.

რუსეთმა იერიში კვლავ საცხოვრებელ კორპუსებზე მიიტანა.
დაღუპული ბავშვების ასაკი 2, 14 და 17 წელია. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ბრიტანული საბჭოს და გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას” ოფისები.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, კიევზე ღამის თავდასხმის დროს რამდენიმე სახის იარაღი იქნა გამოყენებული: „შაჰედები“, ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი რაკეტები და „კინჯალები“.

დარტყმები განხორციელდა 20-ზე მეტ ადგილას დარნიცკის, დნეპროვსკის, სოლომენსკის, შევჩენკოვსკის, გოლოსეევსკის, ობოლონსკის და დესნიანსკის უბნებში.

უკრაინაზე გუშინდელ რუსულ თავდასხმებს გამოეხმაურნენ ევროპაში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაწერა:

„როცა მსოფლიო მშვიდობისკენ მიმავალ გზას ეძებს, რუსეთი ამას რაკეტებით პასუხობს. ღამით კიევზე განხორციელებული თავდასხმა წინასწარგანზრახული არჩევანია ესკალაციისა და სამშვიდობო ძალისხმევის დაცინვის მიზნით”.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა:

„რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კიევში ჩვენი წარმომადგენლობა. ჩვენი წარმომადგენლობის თანამშრომლები კარგად არიან.

რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩევლად თავდასხმები ახლავე უნდა შეწყვიტოს და სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს”.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ამბობს:

„მე მკაცრად ვგმობ ამ სასტიკ თავდასხმებს, რომლებიც ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთი უარყოფს მშვიდობას და ირჩევს ტერორს”.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღე ესხმის თავს.