რატომ არიან ბრალდებულები პოლიტიკური პატიმრები | ომარ ფურცელაძის დასკვნითი სიტყვა

პუბლიკა

„კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხრიდან ზეწოლა სასამართლოზე მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შეჩერებულა არც ერთი წამით უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში”, –  ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ  11 პირის საქმეზე დასკვნითი სიტყვა საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრით დაიწყო.

მისი თქმით, დაცვის მხარისთვის ცხადია, რომ სასამართლო შემადგენლობას დისკომფორტი ექმნება, მაშინ, როცა საუბრობენ ქმედების კონტექსტსა და ფაქტობრივ რეალობაზე.

„თუმცა „ბრალდებულების უფლებადამცველთა მისიასა და მიზანს არ წარმოადგენს განმხილველი მოსამართლისთვის სასათბურე პირობების შექმნა“, – ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სასამართლომ არც ერთხელ არ გამოიყენა პლატფორმა ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან ზეწოლაზე პოზიციის გამოსახატად ან „თუნდაც იმის მეათასედი დისკომფორტის გამოსახატად, რასაც იგი გამოხატავს მაშინ, როცა ამ დარბაზში, ისმოდა, რომ ბიჭები პოლიტიკური პატიმრები არიან”.

ომარ ფურცელაძის განცხადებით, მას ვალდებულებად მიაჩნია, ისაუბროს ბრალდებულების მიმართ წარმოებულ დისკრედიტაციის ორკესტრირებულ კამპანიაზე, რომელსაც სათავეში, მისი თქმით, ირაკლი კობახიძე ედგა.

ადვოკატის თქმით, მისი დათვლით, კობახიძე მინიმუმ 23-ჯერ დაესხა თავს ბრალდებულებს, რითაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სარგებლობდა რა მედიების მიერ განსაზღვრული საეთერო დროით ბოროტად, ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს, მინიმუმ ათ იზოლირებულ შემთხვევაში, ცხადად და პირდაპირ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რა დროსაც იგი ბრალდებულებს მოიხსენიებდა შეურაცხმყოფელი ტერმინებით, მათ შორის, როგორიც არის „უსინდისო“ და სხვა.

ყოველ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, მითითებული პირი აპელირებდა, რომ მას დაზუსტებით ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის სტატუსით მყოფი პირების მიერ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რითაც ნებისმიერი ნეიტრალური დამკვირვებლისთვის ქმნიდა განცდას, რომ მის მიერ დაკავებული პოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეული ტიპის დაკვეთას სასამართლოსადმი, მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ზემოაღნიშნული პირი ბრალდებულების დაკავებასა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას იხსენიებდა, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, მიმართულს მესამე პირთათვის გარკვეული შიშის შესაქმნელად“, – ამბობს ფურცელაძე დასკვნით სიტყვაში.

ადვოკატის თქმით, ეს განცხადებები აქტიურად ვრცელდებოდა პროსახელისუფლებო მედიით, რაც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ კობახიძე ცდილობდა, ეს ყოფილიყო მესიჯი საზოგადოებისა და სასამართლოსთვის, რომ მოქმედი ხელისუფლების ინტერესია გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე.

ადვოკატმა გაიხსენა კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, რომლითაც, მისი შეფასებით, დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი – კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულება თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

იმ არგუმენტის გასამყარებლად, რომ პარლამენტთან დაწყებული დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, ხოლო შსს იყენებდა არაპროპორციულ ძალას, ადვოკატმა მოიხმო არაერთი საერთაშორის დამკვირვებლის შეფასება, მათ შორის, გაეროს სპეციალური მომხსენებლების, ეუთოს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და სხვადასხვა ორგანიზაციის განცხადებები.

ომარ ფურცელაძის თქმით, ეს შეფასებები მოწმობს, რომ „აბსოლუტურად ყველა შემთხვევა, როდესაც საპოლიციო რაზმებმა დაიწყეს სრული მასშტაბით აქციის დაშლა, იყო უკანონო.

კონკრეტულად: 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამე 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამე 2024 წლის 30 ნოემბრის-1 დეკემბრის ღამე 2024 წლის 1-2 დეკემბრის ღამე 2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამე 2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამე 2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამე”.

აქვე ადვოკატმა აქციებზე დაზარალებულთა და დაკავებულთა სტატისტიკა მოიხმო:

„მხოლოდ დაკავებულთა შორის დაზარალებულთა რიცხვი, ხელისუფლებისადმი ლოიალური სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმადაც, კი, გამოიყურებოდა შემდეგნაირად:

28 ნოემბრიდან – 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი. მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – 225 პირი. ხილული დაზიანება აღენიშნება – 157 პირს.

მოგვიანებით, ზემოაღნიშნული რიცხვები სხვადასხვა დროს დაზუსტდა და პოლიციის მხრიდან აქციების კონტექსტში 2024 წლის 28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში დაზარალებულთა საერთო რაოდენობამ ჯამში გადააჭარბა 500 პირს, საიდანაც იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ამათგან სამსამდე გახდა ძალის აშკარა, უპირობო გადამეტების მსხვერპლი, ხოლო, საორიენტაციოდ 200 მდე ადამიანი წამების მსხვერპლი“, – ამბობს ადვოკატი.

მან აღნიშნა, რომ როგორც სახალხო დამცველი, ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია აქციის მონაწილეებზე პოლიციის მხრიდან ძალადობას წამებას უთანაბრებდა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურ ანგარიშებს ეყრდნობა, 2024 წლის დეკემბრის ანგარიშში უთითებდა შემდეგს:

2024 წლის 28 ნოემბრიდან საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საყოველთაო, სისტემური და ფართომასშტაბიანი ხდება აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები.

საყოველთაო გახდა ფიზიკური და ვერბალური ძალადობა დაკავებულების მიმართ, რომელიც პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ხორციელდება. 23 ძალადობა ვრცელდება არა მხოლოდ დაკავებულებზე, არამედ იმ პირებზეც, რომლებიც თითქმის უგონო მდგომარეობაში არიან და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. 24 500-მდე დაკავებულიდან აბსოლუტური უმრავლესობა გახდა როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლის, ვერბალური შეურაცხყოფის მსხვერპლი.

სახალხო დამცველის შეფასებითაც, „[აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს] მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს. დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატმა ასევე ისაუბრა დაკავებულთა მონათხრობზეც.

„დაკავებულების თქმით, სამართალდამცავები მათზე ძალადობდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე – დაკავების შემდეგაც. მათ რამდენიმე სპეცრაზმელი სცემდა ტრანსპორტირების პროცესშიც, მიკროავტობუსში.

ცემასთან ერთად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ, უყვიროდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. სპეცრაზმელები დაკავებულებს ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.

გარდა ამისა ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს და სთხოვდნენ კოდის მოხსნას. ზოგ შემთხვევაში, დაკვებულებზე ძალადობა გრძელდებოდა განყოფილებაშიც.

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობით ცდილობდნენ მის იძულებას, რომ დანაშაული ეღიარებინა.

პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა არა მხოლოდ ცალკეული პირების მიმართ, არამედ შეკრებების ყველა მონაწილის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მშვიდობიანი ხასიათისა.

პოლიცია ძალადობრივად ექცეოდა დემონსტრანტებს, რომლებიც წინააღმდეგობის ნიშნებს არ ავლენდნენ, მათ შორის, მუშტებით, ფეხებით და რეზინის ხელკეტებით ურტყამდნენ მიწაზე დაგდებულს. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დეტალური ჩვენებების მიხედვით, პოლიციელები განაგრძობდნენ დაკავებულების მიმართ სასტიკ მოპყრობას სატრანსპორტო ფურგონებში. დემონსტრანტებს სცემდნენ, მათ შორის, სახის, თავის, ნეკნების არეში, ხოლო ე.წ. ზედამხედველი ოფიცრები, გავრცელებული ცნობით, აძლევდნენ მითითებებს დაქვემდებარებულებს, სად და რამდენ ხანს უნდა გაეგრძელებინათ ცემა“, – თქვა ადვოკატმა.

ომარ ფურცელაძის თქმით, პოლიციელები არ ატარებდნენ მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს, რამაც შეუქმა დაუსჯელობის განცდა მათში, ვინც მოქალაქეებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

„უცნობი პირები, რომლებიც დაუნდობლად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, პროტესტის მონაწილეებს და სხვა პირებს, მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირდაპირი ან მდუმარე თანხმობით“, – თქვა ადვოკატმა.

ომარ ფურცელაძემ ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმებზე.

„შემთხვევიდან 9 თვის შემდეგ, იდენტიფიცირებული არ არის წამებისა და სისტემური ორგანიზებული ძალადობის ჩამდენი არცერთი პირი, ზედმეტია საუბარი, მათ პასუხისგებაზე.

ჯამურად, გურამ მირცხულავას და ჯანო არჩაიას მიმართ წარდგენილი ბრალდების კონტექსტში, დროის იმავე მონაკვეთში ჩადენილ უმძიმეს სისტემურ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების დაიდენტიფიცირესგან თავის დანაშაულებრივი შეკავების ფაქტი, თავისმხრივ, ინდიკატორი და მტკიცებულებაა იმისა, რომ გურამ მირცხულავასა და ჯანო არჩაიას მიმართ, გასული სრული პერიოდის განმავლობაში, არცერთი წამით არ განხორციელებულა მართლმსაჯულება და მიმდინარეობდა პოლიტიკური, პერსონალური დევნა მათი სამოქალაქო პოზიციის გამო, რაც, ბუნებრივია, გამოხატულია კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების ცალსახა და ერთმნიშვნელოვან დარღვევაში, მსგავსად გამოძიების ეტაპზე ყოველმხრივი და ობიექტური ვალდებულების დარღვევისა.

ხოლო, პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, უწყვეტი და სისტემური თავდასხმა ბრალდებულებსა და სასამართლოზე, ქმნის განცდასა და განწყობას, რომ პოლიტიკურ და მიზნობრივ დევნაზე საუბრისას წარსული დროის ზმნათა გამოყენება სრულად არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას და პოლიტიკური დაკვეთის აღსრულების კულმინაციური ეტაპი ჯერ კიდევ წინაა, ამჯერად სასამართლოს ხელით“, – თქვა ადვოკატმა.