„არჩევნებზე ადგილობრივ დამკვირვებელთა გლობალური ქსელი“ (The Global Network for Domestic Election Monitors) ეხმაურება თბლისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაედოს არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს.
ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მთავრობის მიერ განგრძობად მცდელობებს, დახუროს სამოქალაქო სივრცე, შეზღუდოს ფუნდამენტური თავისუფლებები და ძირი გამოუთხაროს დამკვირვებლების საქმიანობას“.
GNDEM წერს:
„პროკურატურის მოთხოვნა, რომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის GNDEM-ის წევრის, „სამართლიანი არჩევნების“ საბანკო ანგარიშები დაყადაღებულიყო, წარმოადგენს სადამსჯელო მოქმედებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იმ საზოგადოებრივი პროტესტის გამო, რომელიც მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
პროკურატურის ქმედებები, საქართველოს მთავრობის სხვა ქმედებების მსგავსად, ზღუდავს ლეგიტიმურ საზოგადოებრივ დისკურსს და ძირს უთხრის დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 22-ე მუხლებს, რომლებიც იცავს მოქალაქეთა უფლებას, გამოთქვან აზრი და გაერთიანების თავისუფლება. ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 და 20 მუხლებს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (ICCPR) მე-19 და 22-ე მუხლებს, რომლის ხელმომწერიც საქართველოა”.
GNDEM ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურის ქმედებები 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და „სამართლიანი არჩევნების“ საჯარო განცხადებების შემდეგ განხორციელდა. განცხადებებში ხაზგასმული იყო საარჩევნო კანონმდებლობაში მმართველი პარტიისთვის სასარგებლო ცვლილებები და აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა ვენეციის კომისიის სტანდარტები საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის შესახებ. თავის მხრივ, ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ მოეწვია ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.
„პროკურატურის ძალისხმევა აშკარად ძირს უთხრის ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. მოქალაქე დამკვირვებლებსი მათ შორის „სამართლიანი არჩევნებს”, გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობის სპეციალური მომხსენებელი და ვენეციის კომისია აღიარებს, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას ემსახურებიან.
შესაბამისად, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი იმ პირობების შესაქმნელად, რომლებიც ეროვნულ და საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებლებს საშუალებას მისცემს, ეფექტურად შეასრულონ თავიანთი სამუშაო და დაიცვან ისინი ნებისმიერი ძალადობისგან, მუქარისგან, შურისძიებისგან, დისკრიმინაციისგან, ზეწოლისგან ან ნებისმიერი სხვა თვითნებური ქმედებისგან, რაც მათი უფლებებისა და თავისუფლებების ლეგიტიმური განხორციელების შედეგია“.
GNDEM აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც აწარმოებდა მუდმივ კამპანიას მოქალაქე დამკვირვებლების წინააღმდეგ და რომ ამას ქსელი რამდენიმე განცხადებით გამოეხმაურა, მათ შორის, 2025 წლის 13 მაისს და 2024 წლის 7 ნოემბერს და შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ისინი რუსული სტილის კანონის სამიზნეები არიან და მათ წინაშე სხვადასხვა გამოწვევა დგას.
„არჩევნებზე ადგილობრივ დამკვირვებელთა გლობალური ქსელი” სოლიდარობას უცხადებს საქარველოში ჩვენს წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, რომელთა აზრის თავისუფლებისა და გაერთიანების უფლება დარტყმის ქვეშაა.
ჩვენ ვაფასებთ „სამართლიანი არჩევნების“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, გააგრძელონ თავიანთი მისიის შესრულება ქართველი ხალხის სამსახურში, საქართველოს მთავრობის რეპრესიული ქმედებებისა და პოტენციური პირადი რისკის მიუხედავად.
დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და ხელისუფლების სხვა შტოებს, შეწყვიტონ მუდმივი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დაიცვან არჩევნების მოქალაქე დამკვირვებლები, როგორც ადამიანის უფლებათა დამცველები”. – ნათქვამია ქსელის განცხადებაში.