EPDE სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას ეხმაურება

პუბლიკა

„ევროპის პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) ეხმაურება 7 ორგანიზაციისთვის ანგარიშების დაყადაღებას და მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და EU-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს, გადაუდებელი ფინანსური დახმარება გამოუყონ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, ასევე შეაჩერონ არაჰუმანიტარული თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

„საქართველოს პროკურატურამ შეაჩერა შვიდი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, EPDE-ს წევრის — „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საბანკო ანგარიშები.

ეს მოქმედება მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების სისტემური დემონტაჟის სახიფათო განვითარებას წარმოადგენს.

ძირითადი უფლებების წინააღმდეგ ეს შეტევა საჭიროებს დაუყოვნებელ, მკაცრ და საჯარო ევროპულ პასუხს.

აქტივების გაყინვა გაცილებით სცდება ჩვეულებრივ სამართლებრივ შევიწროებას.

ISFED-ის მსგავსი ორგანიზაციები წლების განმავლობაში იცავდნენ არჩევნების სანდოობას და მოქალაქეების უფლებებს საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების მიზანი ნათელია: გააქრონ დამოუკიდებელი ხმები, რომლებიც აკონტროლებენ მმართველ ძალას, განსაკუთრებით 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინ.

…ეს მოვლენები ძალიან ჰგავს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ სახელმწიფოებში მიმდინარე პრაქტიკას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების დათრგუნვა ხშირად ავტორიტარული კონტროლის გამყარების პირველი ეტაპია.

…ამ ორგანიზაციების გაჩუმების მცდელობა უშუალოდ უტევს ისეთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა თავისუფალი და მშვიდობიანი შეკრების უფლებები, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 22-ე მუხლებით.

უკვე ათწლეულზე მეტია, რაც საქართველოს ხალხი გამოხატავს ერთგულებას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მიმართ.

ახლა ევროკავშირმა უნდა აჩვენოს იგივე სიმამაცე კონკრეტული მოქმედებით.

ევროკავშირის პასუხი განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა ევროპული ღირებულებები რეალურ ვალდებულებას მაშინ, როცა ისინი გამოცდას გადიან.

თუ ევროკავშირი ახლა ვერ დაიცავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს მინიშნებას გაუგზავნის სხვა ავტორიტარულ ძალებს, რომ დემოკრატიის დასუსტებას ევროპაში მნიშვნელოვანი შედეგები არ ახლავს.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს და წევრი ქვეყნების მთავრობებს:

  • საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვონ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ზედამხედველობით;

  • საჯაროდ დაგმონ საქართველოს მთავრობის არაკონსტიტუციური და რეპრესიული ნაბიჯები სამოქალაქო საზოგადოების და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ;

  • გაატარონ მიზნობრივი სანქციები იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალბებაზე, ძალადობრივ რეპრესიებზე და სამოქალაქო საზოგადოების სისტემურ დათრგუნვაზე – მათ შორის ქონების გაყინვა და ვიზის შეზღუდვები;

  • გადაუდებელი ფინანსური დახმარება გამოუყონ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას, რათა მათ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება მთავრობის წნეხის მიუხედავად;

  • შეჩერდეს ყველა არაჰუმანიტარული თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მაგრამ გაგრძელდეს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა პირდაპირი არხებით;

  • გაიგზავნოს მაღალი დონის დიპლომატიური მისიები საქართველოში — მათ შორის ევროპარლამენტის წევრებისა და ეროვნული პარლამენტების დელეგაციები — რათა გამოხატონ ძლიერი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების მიმართ. ამ ვიზიტებში უნდა შედიოდეს შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ მედიასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) დაარსდა 2012 წლის დეკემბერში ვარშავაში, ევროპაში მოქმედი 13 დამოუკიდებელი სამოქალაქო საარჩევნო დამკვირვებელი ორგანიზაციის ინიციატივით.

EPDE-ს განცხადებული მიზანია სამოქალაქო საარჩევნო დაკვირვების ხელშეწყობა და დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მხარდაჭერა.

27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს. უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“. პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.