7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადება გავრცელდა.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ყადაღის გადაწყვეტილება.
განცხადების მიხედვით, ეს პოლიტიკური დევნის აქტია.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააუქმოს გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.
ეს არის მორიგი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე და სასამართლო სისტემის რეპრესიის იარაღად გამოყენება – პოლიტიკური დევნის აქტი – ფინანსებზე წვდომის წინასწარ განზრახული აღკვეთის საშუალებით გაგუდვა, რომელიც მიზნად განსხვავებული აზრის ჩახშობას და დასჯას ისახავს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არ არიან სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების საყრდენი. წლების განმავლობაში, საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რასაც მისი მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ ძირითად პრინციპებს უთხრის ძირს.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მედეგ და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად კვლავ ემსახურება მოქალაქეებს,” – განაცხადა ჰიპერმა.
27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს. უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“. პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების დახმარებასაც.