ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ნიჟარაძე

პუბლიკა

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ახალ შემთხვევებს შორის ორი არასრულწლოვანია.

„დაგვიდასტურდა 5 ახალი შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია ქობულეთის კლასტერთან, აღნიშნული 5 შემთხვევიდან 2 არის არასრულწლოვანი. მათ შორის ერთი ხუთ წლამდე, ხოლო მეორე ათ წლამდე ასაკის. დანარჩენი 3 გახლავთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან. ხუთივე უკვე თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან, რომლებიც იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ”, – ნიჟარაძე.

მისივე თქმით, ქობულეთის კლასტერს ამ ეტაპზე უკავშირდება კორონავირუსის 25 შემთხვევა.

„ამ 25 პირის ირგვლივ მოძიებულია პირველი და მეორე რიგის კონტაქტები, რომელთა რაოდენობამ ჯამში მიაღწია 355. ყველა კონტაქტირებულ პირზე მიმდინარეობს თვითიზოლაციისა და ზედამხედველობის რეჟიმი”, – ამბობს ნიჟარაძე.


საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 272-მდე გაიზარდა. მონაცემები stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

  • აქედან გამოჯანმრთელებულია – 68;
  • გარდაცვლილია – 3;
  • კარანტინის რეჟიმში – 4 890;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.