ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდა.
ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხი „თქვენ უსმენდით მაიაკს” ავრცელებს ვიდეოს და ინფორმაციას, რომ პუტინი და მოდი ჩინეთში, „რიც-კარლტონის” სასტუმროში, პუტინის რეზიდენციაში მივიდნენ და მანქანიდან ნახევარ საათზე მეტხანს არ გადმოსულან“.
მანამდე რუსეთის სამთავრობო მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ორმხრივ მოლაპარაკებებზე ვლადიმერ პუტინის მანქანით წავიდნენ.
პუტინი და ნარენდრა მოდი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს ესწრებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა სამიტზე განაცხადა, რომ ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერებს „უფრო დეტალურად და სათანადოდ“ აცნობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აგვისტოში, ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს.
მოდიმ ორშაბათს სოციალურ ქსელში დაწერა: „პუტინთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა“.
BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, პუტინთან შეხვედრის შესახებ ნარენდრა მოდიმ თქვა, რომ „ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ინდოეთი და რუსეთი ყოველთვის მხარდამხარ იდგნენ“.
„ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორი ქვეყნის ხალხისთვის, არამედ გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვისაც“. – დასძინა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა.
კრემლის ვებგვერდის თანახმად, შეხვედრაზე მოდის პუტინმა რუსულად მიმართა:
„ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო“. „რუსეთსა და ინდოეთს ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული – მეგობრული, ნდობის ურთიერთობები აქვს. ეს არის ჩვენი ურთიერთობების განვითარების საფუძველი მომავალში”.
„როიტერის“ ცნობით, მოდი მიესალმა უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ბოლოდროინდელ მცდელობებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე წინ კონსტრუქციულად წავა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად”. – განაცხდა მან.
რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისთვის სასტუმრო „რიც-კარლტონში“ ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც
ეს მოდის პირველი ვიზიტია ჩინეთში ბოლო 7 წლის განმავლობაში.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი 2001 წელს დაარსდა მიზნით, შეემცირებინათ NATO-ს გავლენა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შედიან ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, პაკისტანი, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ბელარუსი, ხოლო კიდევ 16 ქვეყანა მასში დამკვირვებლის ან „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსით არის გაერთიანებული.