გიორგი ვაშაძე: 4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!

პუბლიკა

წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მსჯავრდებული გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია დროული და გაბედული ინიციატივაა.

„4 ოქტომბრის აქცია არის გაბედული და დროული ინიციატივა, შანსი, კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ საზოგადოება და ვანახოთ რეჟიმს ხალხის ნამდვილი ძალა.

ეს დღე არ არის მხოლოდ პროტესტი, ეს არის პასუხი კითხვაზე ვის ეკუთვნის საქართველო – ერთ ადამიანს და მის ვიწრო ჯგუფს, თუ ქართველ ხალხს?

შედეგი დამოკიდებულია ჩვენს სიმრავლესა და გამბედაობაზე. ზუსტად ამიტომ გადამწყვეტია მონაწილეობა ორივე თარიღზე: 13 სექტემბერსაც და 4 ოქტომბერსაც.

დავდგეთ ერთად, გაბედულად და მტკიცედ, რათა პასუხი ვაგებინოთ სისტემას, რომელიც ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.

მადლობა და სრული მხარდაჭერა ბატონ პაატა ბურჭულაძეს – რუსთაველის გამზირს და ლევან ხაბეიშვილს ამ აუცილებელი და დროული ინიციატივისთვის.

4 ოქტომბერს დავდგეთ ერთად და ვანახოთ რეჟიმს ჩვენი ერთიანობის ძალა!“, – წერს გიორგი ვაშაძე.

13 სექტემბერს 8 პარტია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსთან შეკრებას და პარლამენტისკენ მსვლელობას აანონსებს. „არა რუსულ რეჟიმს, დაიცავი უვიზო” – ეს იქნება აქციის სათქმელი.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, აქციაა დაგეგმილი რესპუბლიკის მოედანზე.

„ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას“, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემ აქციის დაანონსებისას.

„4 ოქტომბერს გავერთიანდეთ რუსთაველზე და ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია!!! ვაჩვენოთ ივანიშვილსაც და „დასაქმებულ“ ოპოზიციასაც, თუ რა შეუძლია ხალხს! დამხობა ივანიშვილს!!!“, – წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.