აქციების დროს დაკავებულ საბა სხვიტარიძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, – გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდების მხარე პოლიციელზე – მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებოდა. აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის გათვალისწინებული.
თუმცა 24 ივლისს პროკურატურამ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლზე გადაუკვალიფიცირა – სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
„შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ობიექტური და სამართლებრივი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავდა საქმის პროკურორი, როინ ხინთიბიძე.
შედეგად, საბა სხვიტარიძე დანმაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის – რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან შინაპატიმრობით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე.
„კერძოდ, 2024 წლის 4 დეკემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო მარიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბა სხვიტარიძემ თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი მირიან ქავთარაძეს, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია”.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის ქმედება, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიდან, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე გადააკვალიფიცირა, დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა გამოყენებულ ფორმულირებას და მოითხოვდა გამამართლებელი განაჩენის უალტერნატივოდ გამოტანას. დეტალები იხილეთ ბმულზე;
რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“
სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთაც ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი. როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.
დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.
მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.
გაეცანით „პუბლიკის“ მიერ მომზადებულ მასალებს საბა სხვიტარიძის საქმეზე:
- გაუპატიურების მუქარა, ცემა, არაადამიანური მოპყრობა – რაზე ისაუბრა დაკავებულმა საბა სხვიტარიძემ პროცესზე | ბმული; ვიდეო;
- საბა სხვიტარიძე დაზარალებულად ცნეს | ბმული;
- შესავალი სიტყვები | ვიდეო;
- მირიან ქავთარაძის ჩვენება სასამართლოზე | ვიდეო;
- მირიან ქავთარაძე: „დარტყმის შემდეგ შევიგინე. ვინ დამარტყა ხელი-თქო, შევიგინე იმის მისამართით” | ბმული;
- პოლიციელ თევდორე გიორგაშვილის დაკითხვა | ვიდეო;
- მიხეილ წიკლაურის დაკითხვა | ვიდეო;
- საქმის ფიგურანტი პოლიციელი ლუკა ჯინჭარაძე | ბმული;
- სალომე ედიშერაშვილის დაკითხვა და აქტივისტის დაკავება | ვიდეო;
- რა შეძახილის გამო დააკავეს აქტივისტი გიორგი ჩხეიძე სასამართლოს ეზოში? | ვიდეო;
- რა ვითარებაში ტოვებს სასამართლოს შენობას მირიან ქავთარაძე | ვიდეო;
- მიხეილ სუჯაშვილის დაკითხვა | ვიდეო;
- დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა | ვიდეო; ბმული; ვიდეო;
- ბრალის გადაკვალიფიცირება | ბმული 1; ბმული 2; ვიდეო;
- დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა | ბმული;