„არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა. ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე!” | ტერიშვილის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვები თქვეს და განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდება გადააკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას და 11-ივე პირს: ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გიორგი ტერიშვილს, ვალერი თეთრაშვილს, ირაკლი ქერაშვილს, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ტერიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ ყოფილა და საქმე „შეკერილია”.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ადვოკატებს პროფესიონალიზმისთვის, ასევე საზოგადოებასა და ჟურნალისტებს მხარდაჭერისთვის.

გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა:

„მე არაფერი დანაშაული არ მიმიძღვის, ყველაზე დიდი დამნაშავე არის `ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს. ასე იქნება მთელი მათი ცხოვრების მანძილზე, თავს ვერ ასწევენ..

ჩვენ 9 თვის განმავლობაში ვზივართ ციხეში, არანაირი მტკიცებულება, ბრალი ვერაფერში წაგვიყენეს. 9 თვის განმავლობაში წაგვართვეს ყველანაირი უფლება, შეკერეს ჩვენი საქმეები ისე, როგორც თვითონ უნდოდათ, მაგრამ, მაგის თავიც არ აქვთ, რომ ნორმალურად შეკერონ ეს საქმეები.

მე მინდა, პროკურატურას ვუთხრა: ვალერი თეთრაშვილმაც აღნიშნა, აქ გყავდათ მოყვანილი ცრუ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ისხდნენ და თვითონვე რცხვენოდათ თავიანთი თავის, თვითონვე წითლდებოდნენ თავიანთ სიტყვებში…

რომელმაც ვალერი თეთრაშვილი დააკავა, მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით ეჯდა, ჩამოიყვანა თბილისში და ადვოკატი, ქალბატონი ირმა ჭკადუა ეუბნება, თუ ამოიცნობთ ვალერი თეთრაშვილსო. მან – კიო, როგორ არაო და გამოიშვირა ხელი ჩემკენ, არადა იმ დღეს ვალერი თეთრაშვილი საერთოდ არ იყო სხდომათა დარბაზში. აი, ასეთი ცრუ მოწმე პოლიციელებით არის ეს ქვეყანა სავსე, ასეთი მატყუარები არიან…

მე მინდა აღვნიშნო ის, როდესაც ბატონმა ირაკლი ჩომახაშვილმა [ადვოკატი] დაუსვა კითხვა ერთ-ერთ ცრუ მოწმეს, მან ვერ გასცა პასუხი, თუ შეიძლება გაგვიმეორე შეკითხვაო და ამასობაში მას პროკურორმა მესიჯი მისწერა, რა უნდა ეთქვა მას, ეს ყველამ კარგად დავინახეთ.. ამიტომ, ბატონო მოსამართლე, ჩვენ არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ გვქონია, მე ისინი [ბრალდებულები] აქ გავიცანი, სასამართლო სხდომაზე…

როდესაც დამაკავეს 2024 წლის 6 დეკემბერს, ჩემმა გამომძიებელმა ჩამომართვა მობილური ტელეფონი, მე თვითონ მივეცი მას ტელეფონის გახსნის კოდი. ამასობაში 9 თვე გავიდა და არანაირი მტკიცებულება იქიდან, რომელიც დაადგენდა, რომ ჩვენ გვქონდა კავშირი ერთმანეთთან, არ ყოფილა. არ ყოფილა იმიტომ, რომ ჩვენ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გვქონია. ჩვენ აქ გავიცანით ერთმანეთი, სხდომათა დარბაზში.

მინდა კიდევ ვთქვა ასეთი რაღაც:  ჩვენ გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულის გამო, ჩვენ გვასამართლებენ იმის გამო, რომ ვიდექით იქ, რომ დაგვეცვა ჩვენი საქართველო, გვინდა ევროპა და აღარ გვინდა რუსეთი…

მაგრამ გვყავს ახლა ისეთი მთავრობა, რომელიც იწევს რუსეთისკენ. რომელმა მთავრობამაც გუშინ ჯალათი წულუკიანი გამოუშვა და საქართველოს დასდო ბრალი, აი, ასეთი მთავრობა გვყავს ჩვენ. ეს მთავრობა მალე უნდა მოვიშოროთ აქედან.

მე მინდა ვთქვა ასეთი რაღაც, ბატონო მოსამართლე: 1992 წლის 2 თებერვალს მე ძმა დავკარგე, 17 წლის ბიჭი, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და 300 000 კაცს მოუძღვოდა წინ. ქართველმა ჯალათმა ესროლა მას ტყვია და ადგილზე დაიღუპა.

საქართველოს ბევრი გმირი ჰყავს ჩემი ძმის თამადობით, ბევრი სახელოვანი გმირები და ეს მთავრობა მათ სახელს ლახავს, ეს არ არის „ქართული ოცნება“, ეს არის „რუსული ოცნება“.

მინდა პროკურორებს მივმართო: ჩვენ გვასამართლებთ ახლა საქართველოს სიყვარულის გულისთვის, მაგრამ მალე მოვა ის დრო, მალე გათენდება ის დღე, თქვენ საქართველოს ღალატის გულისთვის გასამართლდებით. აი, აქ დასხდებით ჩემს ადგილზე, მხოლოდ სამართლიან სასამართლოში და არა დღევანდელ სასამართლოში, რომელსაც ვითომ სასამართლო ჰქვია.

ადვოკატებს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ: იაგო, გოგიტა, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ საქართველოს კი არა, მსოფლიოს დაანახეთ, ასეთი მოღალატე პროკურორები, ასეთი ცრუმოწმე პოლიციელები, რომლებიც აქ ისხდნენ და სირცხვილისგან იწვოდნენ.

მადლობას გადავუხდი არასამთავრობო არხებს, არასამთავრობო ჟურნალისტებს. ჩემო მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა. ყველას მადლობას გადაგიხდით, ჩემო რუსთაველის გმირებო, სინდისის პატიმრების მშობლებო, ყველას დიდ მადლობას გადაგიხდით. ვიბრძოლოთ ბოლომდე, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე. არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა. ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე!”.