შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული თ.ც. და 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.კ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.