პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ბრალდება წარუდგინეს პირს, რომელიც შსს-მ 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავა.

პროკურატურამ მას ბრალდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვის (236-ეს პირველი ნაწილი) მუხლით წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 ერთეული სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და 810 ვაზნა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

3 სექტემბერს შსს გავრცელებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ეს პირი „აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა“ და გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის ან შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლებით მიმდინარეობდა. (236-ეს მე-3-4 ნაწილები).

პროკურატურის განცხადებაში „აქციის მონაწილეებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებაზე“ არაფერია ნათქვამი.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.