კობახიძის თქმით, უწყებებში რეორგანიზაციის შედეგად მილიონობით ლარი დაიზოგა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საჯარო უწყებებსა და სახელმწიფო საწარმოებში რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად მილიონობით ლარი დაიზოგა.

მათ შორის: ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის შედეგად 700 მილიონ ლარზე მეტი დაიზოგა.

მისი თქმით, შეიცვალა თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი და კურატორები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში მოქმედ საწარმოებში, რკინიგზაში და სხვაგან.

კობახიძისვე განცხადებით, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგა 22,6 მილიონი ლარი.

„რაც შეეხება სხვა კადრების ოპტიმიზაციას – აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებაზე და ა.შ, –  ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა 348,6 მილიონი ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებით და სწორი მიდგომით შესაძლებელია ხარჯთეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, „ოცნების” პრემიერის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის შედეგად ჯამურად 2 641 000 დაიზოგა, თავდაცვის სამინისტროში კი – 6 463 000 ლარი.

მისივე თქმით, 2 მილიონი ლარი დაიზოგა მთავრობის ადმინისტრაციაში.

2024 წლის 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებებს, საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა ასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც მხარდაჭერილი იყო საქართველოს დასავლური კურსი და მოთხოვნილი იყო საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლება.

მას შემდეგ საჯარო სამსახურებიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს – მათი უდიდესი ნაწილი სწორედ აღნიშნულ პეტიციაზე ხელმომწერი იყო.