ბასლანძე კალაძეს: მადლობა, ბატონო მერო, მხარდაჭერისთვის

პუბლიკა

„ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და რესტორან „ქვევრის” მფლობელმა, ლაშა ბასლანძემ კახა კალაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„არასოდეს ვიზამ ისეთ რამეს, რომ ვინმეს პასუხი ვერ გავცეთ. გამოძიება დადებს, თუ ვინ ისვრის და ვინ რით დადის. მადლობა, ბატონო მერო მხარდაჭერისთვის.

იარაღი რაში უნდა დაგჭირდეს იმ ადამიანთან, რომელსაც საკუთარი მამა რჩევად აძლევდა ხოლმე, რომ შვილო, შენ ისეთი მშიშარა ხარ, ჩხუბით არასოდეს იჩხუბებო და სჯობს, სირბილი მაინც ისწავლო, რომ გაექცე ხალხსო“, – დაწერა ბასლანძემ „ფეისბუქზე”.

6 სექტემბერს რესტორან „ქვევრში” სროლა იყო – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.

დაპირისპირება მოხდა რესტორან „ქვევრის” მფლობელ ლაშა ბასლანძესა და ფართის მფლობელ ზურაბ ტიბუას შორის, რის შემდეგაც ლაშა ბასლანძემ იარაღიდან გაისროლა. ბასლანძე ამტკიცებს, რომ რესტორანში „შალვა ტიბუას მეგობარმა ან დაცვის თანამშრომელმა გაისროლა”.

ლაშა ბასლანძე „ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.

კახა კალაძემ, რომელსაც „ქვევრში მომხდარზე” დღეს კითხვა დაუსვეს, თქვა, რომ ბასლანძე მისი მეგობარია, ხოლო კადრები არ უნახავს.

„ლაშას ვიცნობ, მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანია. არ მინახავს [კადრები]. არ ვიცი და რა გითხრათ? უნდა მენახა? რა უნდა დააკავონ, ვინ უნდა დააკავონ, არ ვიცი თემა-მეთქი. მეუბნებით რაღაც სისულელეს და რა გიპასუხოთ. მოვიგონო რაღაც და გიპასუხოთ?”, – თქვა კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა კახა კალაძეს აჩვენა ვიდეო, რომელშიც დაპირისპირებაა ასახული, რაზეც კალაძემ უპასუხა: „არ ვიცი ვინაა, ვინ მირბის, იცით ვინ არის? საერთოდ არ ვიცი. თემას არ ვიცნობ. როდესაც მე არ ვიცი საკითხი, იმაზე ვერ გავაკეთებ განმარტებას, იმიტომ, რომ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოთ თქვენ და ჩვენი მაყურებელი. ამიტომ, როდესაც საკითხი არ ვიცი, თავს შევიკავებ რაიმე კომენტარისგან”.