POG: პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე კაცი დავაკავეთ

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე, 9 სექტემბერს, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, რომლის გავრცელების მუქარით, კვლავ აიძულებდა იმავე შინაარსის ფოტოსურათების გაგზავნას“, – წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა ამბობს, რომ დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.