„პირბადეების საქმეზე“ დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი გამოიკითხა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წინააღმდეგ, რომლის წევრიცაა ადამიანის უფლებათა ცენტრი. მიმდინარე წლის 29 აპრილს ალეკო ცქიტიშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
„ძირითადად ამ საკითხებს შეეხო – დონორები ვინ გვყავს, თანხას როგორ რიცხავენ, ჯარიმების თანხას რატომ ვიხდიდით. ძირითადად ამ კითხვებზე ვუპასუხე… ჯარიმის გადასახდელად თანხას რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ ამ სიტყვებში რაიმე კრიმინალის შემცველი არ ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია… ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ჩვენი დაბარებები. მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება“, – თქვა ალეკო ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან გამოკითხვის შემდეგ.
ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ მედიასთან ყურადღება გაამახვილა დამოკიდებულებაზე, რომელსაც ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ იჩენენ გამოკითხვის დროს.
„ის აგრესიული ტონი, რომლითაც კითხვებს სვამდნენ დღეს, ჩემთვის ნამდვილად შემაშფოთებელი იყო. ასევე ის, თუ როგორ კონტროლდება ყველა ჩვენი Facebook-პოსტი, ყველა ჩვენი გამოთქმული მოსაზრება და ცდილობენ ამ მოსაზრების უკან მოიაზრონ პოლიტიკური განცხადებები“, – თქვა მან.
რაც შეეხება პროკურორს, ლაშა კოტრიკაძემ მედიასთან თქვა:
„ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშებზე თანხები ირიცხებოდა როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ, ასევე პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ამ აქციების დროს გამოირჩეოდნენ მწვავე განცხადებებით. მაგალითად, ამ ანგარიშებზე პირადი გადარიცხვით თანხები შეტანილი აქვს თამთა მიქელაძეს, დანიშნულებით „სახელოვნად გამარჯვებისთვის“, თანხა შეტანილი აქვს ეკა გიგაურს, ასევე – გიორგი ქადაგიძეს და სხვა ცნობილ პირებს. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა სახლს დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული ჯარიმებში და პატიმრების ოჯახის წევრებისთვის და მათი პირადი სარგებლობისთვის“.
ამ დროისთვის ამავე საქმის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ლევან ნატროშვილი, „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
27 აგვისტოს „ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული ის გახლავთ, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რომლებსაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.