სოცმუშაკთა გაერთიანება: მეგის საქმე არამხოლოდ პოლიტიკური დევნა, არამედ ქალთა ჩაგვრის გამოხატულებაა

პუბლიკა

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ეხმაურება მეგი დიასამიძის სისხლის სამართლის წესით დაკავებას. მეგი დიასამიძე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით კახა კალაძის ბანერზე წარწერის – „რუსული ოცნების” გამო დააკავეს.

განცხადებაში წერია: 

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესში ქალების ჩართულობა ფასდაუდებელია: ქალები არ უშინდებიან სპეცრაზმს, რეზინის ტყვიებსა თუ ცრემლსადენ გაზს, დგანან პირველ ხაზზე და უშიშრად უპირისპირდებიან ტოტალიტარულ რეჟიმს;

თუმცა ბოლო დროს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ქალები ხშირად ხდებიან დისკრედიტაციას, დეჰუმანიზაციის, სექსუალური შევიწროებისა და დამცირების მსხვერპლნი.

ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევები – ესაა სისტემური ფენომენი, რომელიც ეფუძნება პატრიარქალურ სტრუქტურებს და ხელს უწყობს ძალადობის ნორმალიზაციას.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა თბილისის ამჟამინდელი მერის- კახა კალაძის საარჩევნო უბანთან გამართული აქციების დროს. კახა კალაძემ აქციის მონაწილე ქალების მიმართ ძალადობა ფაქტობრივად გაამართლა, როდესაც განაცხადა, რომ „მე ქალს ვერსად ვხედავ“. ასეთი რიტორიკა მხოლოდ პირადი შეურაცხყოფა არაა — ეს არის ქალების პოლიტიკური სუბიექტურობის და აქტივიზმის განულება.

აქციების დროს ქალების მიმართ არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ სექსუალური ხასიათის ქცევებიც ფიქსირდება: უხამსი კომენტარები, ქალების სხეულის დამცინავი სექსუალიზაცია- ქალთა ღირსებისა და უსაფრთხოების ხელყოფა.

როდესაც ასეთი ქცევები ხდება საჯარო სივრცეში, თანაც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურების მონაწილეობით ან მათი თვალთახედვის ქვეშ, ეს ქალებისთვის ორმაგად ტრავმულია: ერთდროულად პოლიტიკური რეპრესიაც არის და სქესობრივი შევიწროებაც.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ფემიციდის მაღალი მაჩვენებელია. ქალის სხეული და სიცოცხლე ხშირად მამაკაცის საკუთრებად არის აღქმული. და ამ დროს, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ ამართლებენ ძალადობას, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს “დაუსჯელობის სინდრომს“, სადაც მამაკაცებს უჩნდებათ განცდა, რომ ქალებზე ძალადობა შეიძლება და დაუსჯელია. აქციების დროს ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებაც სწორედ ამ კულტურის გაგრძელებაა საჯარო სივრცეში.

განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ქალი სოციალურ მუშაკების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციული მოპყრობები, რომლებიც აქციების დაწყების დღიდან აქტიურად არიან ჩართულები ევროინტეგრაციის დაცვის პროცესში და მრავალჯერ გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლი — მათ შორის უსაფუძვლო სამსახურიდან გათავისუფლების, ფიზიკური ძალადობისა და უკანონო დაკავებების.

ჩვენი პროფესიული კავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქალ სოციალურ მუშაკებს — აღმაფრთოვანებელია მათი სულისკვეთება, შემართება და ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე გადადგმული ნაბიჯები.

ასევე, გვინდა ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ 23 წლის მეგი დიასამიძეს, რომელიც შსს-მ გუშინ ღამით სპეცოპერაციის საშუალებით ლანჩხუთში ტრანსპორტიდან ჩამოხსნეს და გვიან ღამით ბორკილებდადებული ჩამოიყვანეს თბილისში და ახლა მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება – მხოლოდ იმიტომ, რომ საღებავი დაასხა უკანონოდ აღმართულ ბანერს.

მეგის ამგვარი დაკავება არის აშკარა ძალადობრივი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ცალსახად მიზნად ისახავს თავისუფალი ადამიანების ხმის გაჩუმებას და მიუთითებს პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევაზე.

ეს არ არის სამართალი – ეს არის შურისძიება.

ეს არ არის კანონი – ეს არის ტერორი.

მეგი დიასამიძის საქმე არის არა მხოლოდ პოლიტიკური დევნა, არამედ ქალთა ჩაგვრის აშკარა გამოხატულება.

მეგი უკვე მეოთხე ქალია, რომელსაც ხელისუფლება ორმაგად სჯის – როგორც აქტივისტს და როგორც ქალს, რომელმაც „მორჩილების წესები” დაარღვია.

ეს არის პატრიარქალური და ავტორიტარული ძალაუფლების კვეთა, სადაც ქალების მიმართ რეპრესია პოლიტიკური მექანიზმის ნაწილადაა ქცეული.

დღეს – მეგი, ხვალ – ნებისმიერი ჩვენგანი. მეგი დიასამიძე იმსახურებს თავისუფლებას, სოლიდარობას და მხარდაჭერას!

ჩვენი სოლიდარობა მეგის, ნინოს [დათაშვილი], მზიას [ ამაღლობელი], ქეთის [ქეთი ალავერდაშვილი, რომელზეც 8 სექტემბრის აქციაზე იძალადეს] და ყველა ქალს, ვინც ამ პროცესში თავისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის”.


კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგი დიასამიძემ კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა.

ამავე დროს, საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მეგი დიასამიძის ქმედება არც დანაშაულია და არც სამართალდარღვევა.

ამავე დროს კი, „პლაკატი, რომლის დაზიანების საფუძვლითაც სტუდენტი გოგო დაიჭირეს, შესაძლოა შეფასდეს კანონის დარღვევით გამოფენილ ბანერად“.

აქტივისტმა თამარ კურატიშვილმა თქვა, რომ გასულ წელს მანაც გააკეთა წარწერა „ქართული ოცნების” ბანერზე და მაშინ მოსამართლემ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა.