ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სუსის ვერსიით, რატომ დააკავეს ყოფილი მინისტრი

პუბლიკა

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.

ბურჭულაძე დაკავებულია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სუსის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვ.ღ-მ, მინისტრის ახლო ნათესავის, ვ.მ-ს დახმარებით სამინისტროს მიერ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო.

სუსი ამბობს, რომ შედეგად, „არარეალური გარიგებების დადების გზით“ ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი სამინისტროსთვის მიწოდებულ იქნა 3 940 000 ლარად.

ბრიფინგზე თქვეს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.

გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ ბურჭულაძემ მიღებული „განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები“:

  • 2025 წლის იანვარში ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით;
  • სუსი ამბობს, რომ, რადგან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა-შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ბურჭულაძის მეუღლეს და მესამე პირს შორის გააფორმა „ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება“ წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. სუსი ამბობს, რომ რეალურად ბურჭულაძის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია. 
  • უწყება ამბობს, რომ მან გამოიყენა ფიქციური სესხის ხელშეკრულებებიც.
  • ბრიფინგზე ითქვა, რომ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმომავლობის დამალვის მიზნით 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის დეკლარაციაში „საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება“.

„ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1 593 212 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“, – ამბობს გამოძიება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს პატიმრობას 9-დან 12 წლამდე ვადით.