სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან ერთად, პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავეს.
როგორც ბრიფინგზე განმარტეს, მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, გაქცევა სცადა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.
„საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს, კერძოდ: ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში – ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.
ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას, საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.
ლევან ხაბეიშვილმა, ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისათვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ, ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე“, – განაცხადეს სუსში.
დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.