შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ აქტივისტთან, მეგი დიასამიძესთან დაკავშირებით, პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება“, – განაცხადა დარახველიძემ.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით 23 წლის მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება. მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.
9 სექტემბერს კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგი დიასამიძემ კალაძის ბანერზე გააკეთა წარწერა: „რუსული ოცნება“.