სუსი: ვიძიებთ, არის თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანას და 4 ოქტომბრის გეგმებს შორის

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ უკრაინის 2 მოქალაქის დაკავების შესახებ დღეს დამატებითი განცხადება გააკეთა.

გუშინ, 11 სექტემბერს სუსმა განაცხადა, რომ დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, რომლებსაც მანქანაში 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“ ჰქონდათ.

ლაშა მაღრაძემ თქვა, რომ ეს ნივთიერება დაკავებულებს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გადასცეს, ხოლო ერთ-ერთი დაკავებული მიუთითებდა, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულება რუსეთი იყო. საქართველოში ნივთიერება, სუსის განცხადებით, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით შემოვიდა.

ამავე დროს, სუსი ირწმუნება, რომ საქმის მასალებში მხოლოდ ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი ჩანს.

„ბრალდებულების დაკავებიდან დღე-ნახევრის განმავლობაში დამატებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედება, საიდანაც დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლს უკრაინის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება გადასცეს უკრაინის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებითაც დასტურდება და უთხრეს, რომ მას ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ჩამოეტანა და მათ მიერ მითითებული კონკრეტული პირისთვის გადაეცა.

მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ჩვენებაში მიუთითებს ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების შესახებ – რომ ის უნდა ჩასულიყო რუსეთის ფედერაციაში და მისი თქმით, უნდა მოწყობილიყო ე.წ. „პაუტინა 2“, გამოძიებისა და სხვა ოპერატიულ მასალებში ჩანს ერთადერთი საბოლოო ლოკაცია – თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.

სწორედ ამის გამო, გამოძიების სხვა ვერსიებთან ერთად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ ფაქტსა და 4 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან რადიკალური ჯგუფების დაანონსებულ გეგმებს შორის“, – თქვა სუსის უფროსის მოადგილემ.