ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დავაკავეთ - საგამოძიებო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ლ.კ. დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ ბრალდებული მუშაობდა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ვეტერინარის თანამდებობაზე და სხვა მოვალეობებთან ერთად, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფდა ცხოველის აღრიცხვიანობისა და იდენტიფიკაციისათვის საჭირო ე.წ. საყურე ნიშნების უსასყიდლოდ გაცემას.

„გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით, ლ.კ-მ ერთ-ერთ დაინტერესებულ პირს, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, სხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი“, – წერია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.