პროკურატურის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინეს. უწყება ამბობს, რომ მან დააზიანა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შენობაზე გაკრული 3 ბანერი, რამაც 570 ლარის ზიანი გამოიწვია. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გუშინ დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“, – წერია განცხადებაში.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე დაწერა: „რუსული ოცნება“. მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „სოლიდარობა მეგის“.
კალაძის ბანერზე დატოვებული იმავე შინაარსის წარწერის გამო, 10 სექტემბერს სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე. მას 12 სექტემბერს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. აქტივისტი დარბაზიდან გათავისუფლდა. ამ საქმეზე მომდევნო სხდომა 28 ოქტომბერს ჩაინიშნა.