თბილისის მერიის ცნობით, ბეთანიაში სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებულია 500-მეტრიანი სასრიალო ტრასა, გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, ღამის სრიალისთვის საჭირო სპეციალური ლამპიონების მოწყობა, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და მოძრავი ხალიჩა.
პროექტს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განახორციელებს.
კახა კალაძის თქმით, წლების წინ ბეთანიაში სასრიალო მუშაობდა, თუმცა დღეს ახალი პროექტია საჭირო.
„საჭიროა უშუალოდ ფერდზე მიწის სამუშაოების წარმოება, სადაც სათხილამურო ტრასა გაკეთდება. საჭიროა აღნიშნული სივრცის გაგანიერება, მოწესრიგება. გარდა ამისა, გვერდით გვაქვს მეორე ფერდი, სადაც შემდეგ ეტაპზე ნახევარკილომეტრიანი სასრიალო ტრასის პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. პირველ რიგში, არსებულს მივხედავთ, ახალ პროექტს განვახორციელებთ. ბიგელის ტიპის საბაგირო, რაც წლების წინ აქ იყო, განადგურებულია. მოეწყობა თანამედროვე ტიპის საბაგირო, ღამის განათებები და მოხდება ხელოვნური გათოვლიანება. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთის ტრასების სააგენტოსთან, რისთვის მათ მადლობას ვუხდი. მათი გამოცდილების გაზიარება პრინციპულად მნიშვნელოვანია. მათვე შემოგვთავაზეს ხელოვნური საფარის გაკეთება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ სხვა სეზონზეც შესაძლებელი იყოს სრიალი. ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყობა, კაფეებით, ბარებით და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მესამე ვადით მერობის კანდიდატმა.