არასრულწლოვანზე ძალადობისთვის ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა“, – აცხადებენ შსს-ში.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქალი, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, წერდა, რომ მოზარდზე მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა იძალადა. „რადიო თავისუფლებას“ მან უთხრა, რომ ოჯახმა საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა, ბავშვს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.
„ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა. ყბის მოტეხილობაზე ეპარებოდათ ეჭვი და ღმერთს მადლობა, გადარჩა ბავშვი. შეგიძლიათ, იაშვილში [პედიატრიული კლინიკა] მოიძიოთ ინფორმაცია და სასწრაფო დახმარების საინფორმაციო ცენტრს ჰკითხოთ ან პოლიციას, მასალები მათ აქვთ“, – თქვა ქალმა „რადიო თავისუფლებასთან“.