თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელის ნინო ევგენიძის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს „პირბადეების საქმე“ თავიდან ბოლომდე ძალიან კომიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს, იმიტომ რომ „ეკონომიკური პოლიტიკის“ კვლევის ცენტრის ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, ჩვენი სახსრები არ ყოფილა გამოყენებული, საერთოდ არაფრის შესაძენად. გარდა იმისა რომ პროტესტის მონაწილეები ვიყავით არ მიგვიღია არანაირ ორგანიზებაში მონაწილეობა და სხვადასხვა აქტივობებში, მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას გაეცა პასუხი, მოსამართლე კმაყოფილი ჩანდა ამ პასუხებით და ამომწურავად ვუპასუხე ყველა იმ შეკითხვას, რაც გამოძიების მხრიდან იყო დასმული“, – უთხრა ჟურნალისტებს ნინო ევგენიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
როგორც გამოკითხვის დაწყებამდე ნინო ევგენიძემ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება ფარსია.
„… ეს არის ფარსი და ემსახურება მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ვითომ დააშინონ და შეგვიწყვიტონ საშუალება დავეხმაროთ ჩვენ ხალხს, რომელსაც მე პირადად და ჩვენი ორგანიზაცია ისევე, როგორც ქართული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ამას 23 წლის გამავლობაში ვაკეთებთ. ამ მხრივ, ჩვენი ორგანიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძველი ორგანიზაცია გახლავთ“,- ამბობს ნინო ევგენიძე.
7 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.
აქამდე გამოკითხვაზე უკვე იყვნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.
ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.
„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ.