საგამოძიებო: გამოვლინდა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის მიერ უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის [ჯუანშერ ბურჭულაძე] ოჯახის წევრის კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის – პირადი დაცვის წევრი ნ.ც.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები“,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულია სამი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.