უაქციზო სიგარეტების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულებს შორისაა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი – ნუგზარ ცაბაურაშვილი.

„ტვ პირველის“ ცნობით, გუშინ გამართულ პროცესზე ნუგზარ ცაბაურაშვილმა თქვა, რომ კომპანიას ვასილ მხეიძე ხელმძღვანებლოდა და „სიგარეტების გატანაც მის მითითებებზე ხდებოდა“. ცაბაურაშვილი ამბობს, რომ მას უსაფრთხოების სამსახური ებარა და გორში მდებარე დაწესებულებაში მხოლოდ სამეთვალყურეო კამერებს უყურებდა.

დაწესებულების დირექტორის, მარიამ არჩემაშვილის თქმით, 2023 წელს მას ვასილ მხეიძემ შესთავაზა, რომ ერთ-ერთი კომპანიის „ფორმალური დირექტორი“ ყოფილიყო. არჩემაშვილი ამბობს, რომ რეალურად კომპანიის საქმიანობაში არ ერეოდა და არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ კომპანია უკანონო საქმიანობას ეწეოდა.

სხდომას არ დასწრებია ვასილ მხეიძე, მას თავდაცვის სამინისტროდან 1,3 მლნ ლარის გაფლანგვის საქმეზე აღკვეთის სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.