ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაეროს საგანგებო სხდომის წინ ევროკავშირის და 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ერთობლივი განცხადება წაიკითხა, რომელშიც დაგმობილია რუსული საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.
ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
განცხადების თანახმად, რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„19 სექტემბერს, სამმა რუსულმა გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე. ისინი ნატო-ს ცაზე 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ღრმად შეაღწიეს ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ესტონეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თითქმის 100 კილომეტრი დაფარეს. ეს საშიში ესკალაციაა. ეს იყო წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა.
სამი თვითმფრინავი ერთდროულად შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და ტალინიდან, ნატოსა და ევროკავშირის დედაქალაქიდან რამდენიმე წუთის სავალზე იმყოფებოდა.
ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან ეს ინციდენტი ეხება არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების უფრო ფართო სქემის ნაწილია, მაშინ როცა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი აგრძელებს უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას.
რუსეთის დაუფიქრებელი ქმედებები წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციას, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან აახლოებს. ასეთი პროვოკაცია ღრმა უპატივცემულობას წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების კოლექტიური და დაუღალავი ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და მშვიდობისა და სტაბილურობის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აღდგენისკენ.
ამიტომ, ესტონეთმა გადაწყვიტა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. მადლობას ვუხდით საბჭოს თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკას სხდომის სწრაფი მოწვევისთვის.
ასევე, ვიყენებთ ამ შემთხვევას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაეროს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა.
ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. გმადლობთ ყველას ამ მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია განცხადების ტექსტში.
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროკავშირისა და ესტონეთის მთავრობები.