„სექტემბრში მან უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით“ - პენიტენციური გიორგი ჩიკვაიძეზე

პუბლიკა

გუშინ, 22 სექტემბერს, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულებაში გიორგი ჩიკვაიძეს აუკრძალეს პირისპირ შეხვედრა მშობლებთან, რასაც თვითონ და ოჯახი უკავშირებს გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ რეპორტაჟს.

დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და უწყებაში აცხადებენ, რომ ჩიკვაიძეს პენიტენციური კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, 1 თვის განმავლობაში 2 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვს. შესაბამისად, სექტემბრის თვეში მან უკვე ისარგებლა კუთვნილი ხანმოკლე პაემნის უფლებით.

 „კერძოდ, ერთი ხანმოკლე პაემნის უფლებით მან ისარგებლა 2025 წლის პირველ სექტემბერს, ხოლო თვის განმავლობაში კუთვნილი მეორე ხანმოკლე პაემანი საკუთარი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეეცვალა სატელეფონო საუბრის უფლებით, პენიტენციური კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მსჯავრდადებულ გ.ჩ.-ს, ხანმოკლე პაემნით სარგებლობა 2025 წლის ოქტომბრამდე აღარ ეკუთვნის.

აქვე დავაზუსტებთ, რომ პენიტენციური კოდექსის 119-ე და 122-ე მუხლების შესაბამისად, მსჯავრდადებულს 1 წლის განმავლობაში აქვს 3 ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლით სარგებლობაზეც უარს თავად აცხადებს (აღნიშნული დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით).

რაც შეეხება მსჯავრდადებულის ხანმოკლე პაემანს მინის გამყოფ ბარიერს მიღმა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური დაწესებულების დებულებით, ეს წესი მოქმედებს აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ყველა მსჯავრდადებულისთვის“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟში კითხვას – „რუსეთი ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ ე.წ. ქოლცენტრებს იყენებს? აქ გამოაგზავნეს ადამიანები?“ – ჩიკვაიძე პასუხობს:

„კი ბატონო, იმიტომ, რომ აქ ძალიან მოქნილია ეს ქოლცენტრები, იმიტომ, რომ პრაქტიკა დიდი აქვთ და საოპერაციოდ იყო შერჩეული თბილისში არსებული ქოლცენტრები“. ჩიკვაიძის თქმით, მათი დავალება 2024-2025 წლების დეკემბერ-იანვარში იყო FBI-ის მაღალჩინოსნების „დავერბოვკება“. ჩიკვაიძე ამბობდა, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების ნაწილი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, გაავრცელებდა მისამართებს, სადაც ცხოვრობენ „მაკონტროლებლები“, რომლებიც მართავენ მუშახელს „ქოლცენტრებში“.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩიკვაიძემ შიმშილობა გამოაცხადა, როგორც ჩიკვაიძის დედა სოციალურ ქსელში წერს, მიზეზი მასზე განხორციელებული ზეწოლაა და „პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას“.

7 მაისს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს – 8 წლით. პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.