საპატრიარქოში დღესაც იქნება შეხვედრა და შემდეგ ვიტყვით ჩვენს პოზიციას - მღვდელი ლევან ალადაშვილი

პუბლიკა

თბილისის წმინდა კვირიკე და ივლიტას ეკლესიის მღვდელმსახურის, ლევან ალადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეხვედრა დღესაც გაიმართება. კორონავირუსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე ეკლესიის პოზიციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

„შეხვედრა გუშინ იყო და დღესაც შედგება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. პატრიარქი, მღვდელმთავრები კავშირზე არიან მედიცინის მუშაკებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებაც იქნება არსებული მდგომარეობის შესაბამისი“, – თქვა ალადაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.

მღვდელმსახურის თქმით, მისთვის მიუღებელია სასულიერო პირის გამოყოფაც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ. ლევან ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაა.

„ეს გამოწვევა გვეხება ყველას და ეს ვირუსი არ არჩევს ადამიანებს არც რელიგიური ნიშნით, არც ეთნიკური ნიშნით. ყველა ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები. არ უნდა მოხდეს კლასტერების გამოყოფა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, რომ არ მოხდეს დისკრიმინაცია. ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვეხებით რომელიმე კლასტერს ან პიროვნებას, რადგან ეს იწვევს დაპირისპირებას, შუღლს…

ეკლესია არ არის ეროვნული ბანკი. ეკლესიის გარდა იყო სხვადასხვა ეთნიკური კლასტერი და ამაზე ყურადღება არ გამახვილებულა, რადგან ეროვნული ბანკის მიხედვით დიკსრიმინაცია არ ხდება, მაგრამ რელიგიური ნიშნით ხდება, ამიტომ არის საფრთხილო“, – თქვა ალადაშვილმა.

ხოლო რაც შეეხება კითხვას, რომ ინფიცირებული სასულიერო პირის მრევლმა არ იცოდა მოძღვრის ინფიცირების შესახებ და არის თუ არა მედიის მოვალეობა ხალხის ინფორმირებულობა, სასულიერო პირი პასუხობს, რომ „მრევლი ისედაც გაიგებდა იმ ამბავს“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, აპირებდა თუ არა ვერაზე არსებული ეკლესიის დაკეტვის შემდეგ თავისი მრევლის ინფორმირებას საპატრიარქო.

მღვდელმსახურის თქმით, საქართველოში კორონავირუსი ეკლესიის გარეშეც გავრცელდებოდა, ამიტომ ახლა მათკენ „თითის გაშვერის“ ნაცვლად, ქვეყანა ვირუსს ერთად უნდა ებრძოლოს.

„ამ ქვეყანაში რომ არ ყოფილიყო ეკლესია, ეს ვირუსი მაინც გავრცელდებოდა ათეულობით და ასეულობით ადამიანზე. მე ვარ მომხრე, რომ ამის გამოყოფა რელიგიურად იწვევს საზოგადოებაში გარკვეულწილად შუღლს და აგრესიას. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, ერთად ლოცვით და ერთად შრომით უნდა გადავლახოთ ეს გამოწვევა, რომელიც მთელ მსოფლიოს აქვს“, – თქვა წმინდა კვირიკე და ივლიტას ეკლესიის მღვდელმსახურმა „TV პირველთან“.